„აფბა“ ბიზნეს–გარემოს მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

13.11.2013 | ნანახია 2072-ჯერ



„აფბა“ ბიზნეს–გარემოს მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

„ბარამბოსა\" და „ზედაზენის\" მიმართ განხორციელებული ქმედებები შერჩევითი სამართლის ხასიათს ატარებს

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია („აფბა\") აგრძელებს ბიზნესების და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგს. 

ამ ეტაპზე, ორგანიზაციამ შეისწავლა „რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან\" დაკავშირებული დავის საკითხი და კომპანიების „ბარამბოს\" და „ზედაზენის\" ქონების ყადაღით შეზღუდვის ფაქტები, რის შესახებაც for.ge-ს პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე, 13 ნოემბერს, ორგანიზაციამ დეტალურად ისაუბრა. 

კერძოდ, „რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან\" დაკავშირებით იკვეთება, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივად, პრივატიზაციის შედეგების გადახედვის პრეცენდენტთან. მოპოვებული ვიდეო და სხვა სახის მასალების საფუძველზე ნათლად ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ ფართოდ რეკლამირდებოდა „რკინაბეტონის შპალების ქარხნის\" საპრივატიზაციო საწარმოთა ნუსხაში შეტანის და მისი ინვესტორებისთვის შეთავაზების საკითხი, რაც ფარული გარიგების შესაძლებლობის ფაქტს პრაქტიკულად გამორიცხავს. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ამ საწარმოს პრივატიზებისას სახელმწიფომ, კერძოდ „საწარმოთა მართვის სააგენტომ\" 2010 წლის 26 ივლისს  ქარხნის კაპიტალიდან ამოიღო 3,5 მლნ ლარის უძრავი ქონება, ხოლო ერთ კვირაში, 2010 წლის 3 აგვისტოს ამავე ქარხნის კაპიტალში შეიტანა 8 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. შედეგად, საპრივატიზაციოდ გამოტანილი საწარმოს კაპიტალი ამ მანიპულაციით გაიზარდა 3 მლნ ლარზე მეტით და საბოლოოდ სწორედ ამ გაზრდილი ფასის გადახდის შემდეგ გადაეცა ახალ მესაკუთრეს, კერძოდ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს–ჯგუფს, რომელთანაც ამ ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს მხრიდან წარმოებს დავა სახელმწიფო ქონების იაფად შეძენის და ფულის გათეთრების ბრალდებით.

სრულიად გაუგებარია, სახელმწიფო უწყებები სად ხედავენ გარიგების ფაქტს და მით უფრო ფულის გათეთრების შესაძლებლობას მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად, ღიად, საჯაროდ, ფართოდ რეკლამირების ფონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილ საწარმოს ყიდულობს ესა თუ ის ბიზნეს–ჯგუფი და შემდგომ მასში, გადაიარაღების მიზნით,  ახორციელებს დამატებით მასშტაბურ ინვესტიციას და უზუნველყოფს საქმიანობის დაწყებას, მათ შორის, სახელმწიფო კონტრაქტის შესრულებას.

აქ საგულისხმოა, რომ მიმდინარე დავის გამო, დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია „რკინაბეტონის შპალების ქარხნის\" მუშაობა. 

გარდა ამისა, რამდენადაც „რკინაბეტონის შპალების ქარხანა\" არის კომპანიების „ზედაზენისა\" და „ბარამბოს\" დამფუძნებელი, აღნიშნული დავიდან გამომდინარე, ყადაღა დაედო ამ კომპანიების მთლიან ქონებასაც.

ერთის მხრივ, ქონების დაყადაღება არ უშლის ხელს საწარმოების ოპერაციულ ფუნქციონირებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესის ბუნების ოდნავ მცოდნესთვისაც კი ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, მით უფრო ქონების დაყადაღება, პირდაპირ აფერხებს ბიზნესის განვითარებას, რამდენადაც ასეთ დროს ბიზნესს ექმნება სერიოზული ხელშემშლელი ბარიერები კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, საბანკო სექტორთან თუ ინვესტორებთან მიმართებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ დღეს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შემცირების და უმუშევრობის ზრდის ტენდენციის პარალელურად, „ზედაზენი\" და „ბარამბო\" ის ადგილობრივი საწარმოებია, რომლებიც დღემდე ახერხებენ ზრდის ტემპის შენარჩუნებას და საწარმოებში დასაქმებული 4000 მდე ადამიანის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკითხთან დაკავშირებული მიმდინარე დავები და სასამართლო პროცესები პროცესუალურად მაქსიმალურად იწელება დროში, რაც თავის მხრივ, პროპორციულად ზრდის ბიზნესის შეფერხების და, საბოლოო ჯამში, მისი გაჩერების რისკს.

ამის დასტურია ერთ–ერთი ბოლო ფაქტი, როცა „რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან\" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვა გადაიდო და მიზეზად დასახელდა  ქარხანაში საგადასახადო შემოწმების აუცილებლობა. – გაუგებარია, თუკი აქამდე აღნიშნული შემოწმება არ განხორციელებულა, მაშინ, საერთოდ, რის საფუძველზეა წარდგენილი ბრალდებები?!

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია („აფბა\") მიიჩნევს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოეპყროს საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა მოქმედი ბიზნესების ინტერესების შელახვა გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და შერჩევითი სამართლის განცდას. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ გახდა „რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან\" დაკავშირებით მიმდინარე დავის ფაქტი პრაქტიკულად ერთადერთი პრეცენდენტი, როცა ახალი ხელისუფლების პირობებში პრივატიზაციის შედეგების გადახედვა ხდება. „აფბა\" მიიჩნევს, რომ თუ პრივატიზაციის შედეგების გადახედვა სახელმწიფო პოლიტიკაა, მაშინ ის უნდა გაცხადდეს და უნდა შეეხოს პრივატიზაციის უკლებლივ ყველა ფაქტს. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ტენდენცია იქნება სამართლიანობას მოკლებული და დატოვებს საკითხებისადმი სუბიექტურად მიდგომის შთაბეჭდილებას.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია („აფბა\") აგრძელებს ბიზნესების და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგს. ჩვენი თავლთახედვის არეალშია ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დაკავშირებული დავა, სადაც „რკინაბეტონის შპალების ქარხნის\" პრეცენდენტის მსგავსი პროცესი იკვეთება.

საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში, თემები უკავშირდება სახელმწიფო საწარმოს „საქართველოს რკინიგზას\", რომელიც სარგებლობდა და მომავალშიც უნდა ისარგებლოს  „რკინაბეტონის შპალების ქარხნის\" და ვაგონშემკეთებელი ქარხნის პროდუქციითა და მომსახურებით.

„აფბა\" დაინტერესებულ საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს მიმდინარე კვლევის შდეგებს.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\"

 

13.11.2013