\"აფბა\" ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების ცვლილების შესახებ

25.03.2014 | ნანახია 1829-ჯერ



\
„აფბამ\" ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების ცვლილებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა
 

25 მარტს „პირველ პრესკლუბში\" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ\" ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების ცვლილებასთან დაკავშირებით დასკვნა წარმოადგინა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისი ბოლო პერიოდში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების შეცვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურებიან. „ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ექსპერტების მხრიდან მიმდინარეობს იმდაგვარი აზრის ფორმირება, თითქოს მთავრობა ცდილობს თავის დაქვემდებარებაში მოაქციოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური და იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. სამწუხაროა, რომ არავინ ამახვილებს ყურადღებას ამ სამსახურის წარსულ საქმიანობაზე და მის ჩართულობაზე პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც „ქართული ოცნება\" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა. შეშფოთებას იწვევს ის განცხადებები, რომ თითქოს ამ დრომდე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეურყვნელი ორგანო იყო და ახლა დადგა იმის საშიშროება, რომ ეს სტრუქტურა პოლიტიკურ იარაღად გადაიქცევა\", - განაცხადა „აფბას\" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.


როგორც ორგანიზაციის დასკვნაშია მითითებული, მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს მათ ის ფაქტები აძლევთ, რომლების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შედეგად გამოვლინდა.


როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების\" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დაიწყო მისი ლიდერებისა და რიგითი წევრების შევიწროების, თვალთვალის, შანტაჟის, ზეწოლისა და სხვა სახის ქმედებებათა დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი კამპანია, რომლის მიზანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების დისკრედიტაცია და ისეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავდა „ოცნების\" არჩევნებში წარმატებას. ცნობილია ისიც, რომ ამ ფართომასშტაბიან კამპანიაში, ჩართული აღმოჩნდა სახელისუფლებო სტრუქტურათა ფართო წრე – სამართალდამცავი უწყებები, სამინისტროები და დეპარტამენტები, ადგილობრივი მმართველობები, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური სფეროს მარეგულირებელი, პოლიტიკურად მაღალი ნეიტრალური მიზნების მატარებელი ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური.


გვინდა გაგახსენოთ კონკრეტული ფაქტი, რომელიც ნათლად ასახავს თუ რა როლს ასრულებდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური ოპონენტის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 27 ივლისს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება კახა კალაძის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, პროკურატურის განცხადებაში ცალსახად იყო მითითებული, რომ ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თაობაზე მიწოდებული იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.


იმავე წელს, დაახლოებით 1 თვით ადრე, 14 ივნისს, ასევე ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული იქნა \"გლობალ ტვ\"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი. შეგახსენებთ, რომ ეს ის კომპანიაა, რომელსაც ყველა შესაძლო მეთოდით უშლიდნენ ხელს სატელიტური ანტენების მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესში, რათა სატელევიზიო ბადეში მხოლოდ სახელისუფლებო ტელემედია დარჩენილიყო. ამ პროცესში თავიანთი წვლილი ორმა წამყვანმა ტელეკომპანიამაც შეიტანა, როდესაც მათ „გლობალ ტვ\"-ს უჩივლეს და კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დამონტაჟებული ანტენების დემონტაჟი დააკისრეს. დღეს უკვე ამ ტელეკომპანიათაგან ერთ-ერთი, აღნიშნულ საკითხს აშუქებს იმგვარად, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური დღეს დადგა დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე და შესაძლოა იგი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი გახდეს\", - მითითებულია ორგანიზაციის დასკვნაში.


„აფბას\" ვიცე-პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, მოყვანილი ფაქტების მაგალითზე ჩნდება ეჭვი, რომ კალაძის „საქმის\" მსგავსად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური „იკვლევდა\" სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების საბანკო ანგარიშებს და „საჭირო\" ინფორმაციას უგზავნიდა მაშინდელ პროკურატურას „შემდგომი რეაგირებისათვის\".


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სანდო წყაროდან, რომლის ვინაობასაც, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ, რომ  პროკურატურის მაშინდელი ხელმძღვანელობის, ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შორის იყო არაოფიციალური შეთანხმება, რომ პოლიტიკურად აქტიურ პირებზე შეგროვებულიყო სათანადო ინფორმაცია და უსაფუძვლო არ იქნება ვივარაუდოთ, რომ ასეთი „საქმეების\" ინიციატორი და კოორდინატორი ყოფილიყო სწორედ მთავარი პროკურატურა\", - აცხადებს გულბანი.


ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ლობირება და ტირაჟირება იმ აზრის, თითქოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში მონიტორინგის სამსახური დაკარგავს დამოუკიდებლობას და რომ დღეს არსებული მდგომარეობით იგი ეროვნული ბანკის ქვეშ უფრო დამოუკიდებელია, ვინაიდან, თავად ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და აპოლიტიკური  ორგანო. თუმცა, ორგანიზაციაში თვლიან, რომ სწორედ ეროვნული ბანკი იყო ის სტრუქტურა, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც პირველადი იპოთეკარის უფლების სახელმწიფოსთვის გადაცემას ითვალისწინებდა, კბილებით იცავდა და აქტიურად ლობირებდა.


„მოგეხსენებათ, ეს ცვლილება პირდაპირ იყო მიმართული „ქართუ ბანკის\" წინააღმდეგ და სახელმწიფომ სხვადასხვა კომპანიებთან გარიგებაში შესვლით, „ქართუ ბანკს\" წაართვა სესხების უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ ეროვნულ ბანკს „ქართუში\" დროებით ადმინისტრაცია შეეყვანა, ანუ ბანკის კონტროლი აეღო ხელში. დღეს კი მიდის საუბარი იმაზე, რომ ეროვნული ბანკი, მისი იმჟამინდელი (და ამჟამინდელი) ხელძღვანელობით, რომელიც ღიად და აშკარად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, თურმე აპოლიტიკური ორგანო იყო და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მის ქვეშ არსებობა, რომელიც პროკურატურის დაკვეთების შემსრულებელი იყო, გადამწყვეტია მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის\", - განმარტა შოთა გულბანმა.


„აფბა\" მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური სწორედაც რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იყო გასულ წლებში და ამ ორგანოს აქტიურობა პირდაპირ იყო დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ტემპერატურაზე. როდესაც შეინიშნებოდა ოპოზიციური ძალების გაძლიერება და გააქტიურება, მაგალითად 2007 წლის ცნობილი მოვლენების დროს, 2011-2012 წლებში, ნახტომისებურად იზრდებოდა მონიტორინგის სამსახურის მიერ ცალკეული პირების კონტროლი. ეს აჩენს ეჭვს იმისა, რომ ხდებოდა დაკვეთა „გარედან\" თუ ვისზე უნდა შეგროვებულიყო ინფორმაცია.


რაც შეეხება მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით ნოდარ ჭიჭინაძე შემდეგ განმარტებას აკეთებს:


„ქვეყნის განვითარების არსებულ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, თუმცა შესაძლოა ეს ხარისხი უფრო გაიზარდოს და იგი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდეს. 2003 წელს, როდესაც ეს სამსახური ჩამოყალიბდა, მისი ეროვნული ბანკის ქვეშ არსებობა განპირობებული იყო იმ ობიექტური გარემოებით, რომ იმ რეალობაში ინსტიტუციურად გამართული ორგანო სწორედ ეროვნული ბანკი იყო და მთავრობა არ იყო ეფექტური. გარდა ამისა, რამდენადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო ბანკები არიან, მათთვის უფრო სანდო და იოლად ადაპტირებადი ეროვნული ბანკის ქვესტრუქტურა იქნებოდა. სადღეისოდ, ამ კუთხით ადაპტაციის პერიოდი კარგა ხანია დასრულებულია და ყველა კომერციულ ბანკში მუშაობს ცალკე სტრუქტურული ერთეული, რომელიც რიგ შემთხვევებში უფრო მკაცრი რეგულაციების (საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე) მიხედვით ფუნქციონირებს, ვიდრე ეს მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. დღეს ამგვარი პრობლემა აღარ დგას, მთავრობა გაცილებით გამართულია და ასეთ პირობებში ვთვლით, რომ მონიტორინგის სამსახურის მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლა მის დამოუკიდებლობას არ  შეზღუდავს. ვფიქრობთ, რომ ამ იდეის საწინააღმდეგო კამპანია აგორებული და მართულია თავად ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან, რეალურად, დღეს ამ სამსახურს მართავს გიორგი ქადაგიძე, ხოლო მისი ახლო მეგობარი მიხეილ როინიშვილი, სამსახურის ფორმალური უფროსია\".


ახალგაზრდა ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადასვლა მთავრობის დაქვემდებარებაში არანაირად არ ზღუდავს და აკნინებს ამ სამსახურის ფუნქციებს და კანონმდებლობით არც იმის რისკს აჩენს, რომ იგი პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. თუ საუბარია კანონს მიღმა შესაძლო ქმედებებზე, ამის პრაქტიკა სწორედ რომ წარსულში იყო და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან პროკურატურის დაკვეთების ფაქტებიც არსებობს. ის არგუმენტი კი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადებითად ფასდება მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა, ხელჩასაჭიდად არ გამოდგება, რადგან მათი შეფასების საგანი ყოველთვის იყო ის მეთოდოლოგია და ტექნიკური მხარეები, რა მეთოდოლოგიასაც მონიტორინგის სამსახური იყენებდა და არა ის თუ რა მიზნებისთვის იყენებდა ბერკეტებს.


„არანაირი საფრთხე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების ცვლილებას არ ახლავს, საკანონმდებლო ინიციატივა არ აყენებს ზიანს არც სამსახურის დამოუკიდებლობას და არც საბანკო საიდუმლოებას. თუ სამსახური გადავა მთავრობის დაქვემდებარებაში, ეს გაზრდის კოორდინაციას, რაც თავის მხრივ აამაღლებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეფექტიანობას. დღეს არსებული მდგომარეობით, თუ გარკვეული მიმართულებების მიცემა არ მოხდა, თუ რისკ-ჯგუფების განსაზღვრა არ მოხდა, მონიტორინგის სამსახური ვერ იქნება ეფექტიანი, ვერ მოახდენს ასეულობით ათას ოპერაციაში რაიმე კონკრეტული დანაშაულის და კრიმინალის იდენტიფიცირებას, ამას მოწმობს მისი წარსული საქმიანობაც, რომლის მიხედვითაც შექმნიდან დღემდე მონიტორინგის სამსახურს რამოდენიმე ერთეული საქმე აქვს გახსნილი\", - განმარტა შოთა გულბანმა.

 

„აფბა\" მხარს უჭერს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას და აუცილებლად მიიჩნევს წარსულს ჩაბარდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ეს უწყება, ფაქტობრივად, პროკურატურის ქვედანაყოფი იყო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.


ორგანიზაციამ ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაც შეისწავლა, რომლის მიხედვითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით) საქართველოს გარდა მსოფლიოში მხოლოდ 3 ქვეყანაშია ეროვნული (ცენტრალური) ბანკის დაწესებულებაში, ყველა სხვა შემთხვევაში კი ან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან სხვა სამთავრობო უწყებების, ან საერთოდ ცალკე სტრუქტურებად ფუნქციონირებენ.


 „აფბამ\" შესაბამისი ჩამონათვალიც წარმოადგინა, თუ სხვადასხვა ქვეყანაში რა ვითარებაა ამ მიმართულებით:


ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურები ეროვნული (ცენტრალური) ბანკის დაქვემდებარებაშია:

აზერბაიჯანი - ცენტრალურ ბანკში

სომხეთი - ცენტრალურ ბანკში

იტალია - ცენტრალურ ბანკში ცალკე სტრუქტურა

 

ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურები ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია:

ალბანეთი - დამოუკიდებელი ორგანო ფინანსთა სამინისტროში

ბელგია - დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრები

ხორვატია - ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაშია

ჩეხეთი - ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაშია

საფრანგეთი - დამოუკიდებელი სააგენტო ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში

ყაზახეთი - ფინანსთა სამინისტროში ცალკე კომიტეტი

მაკედონია - ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში

მალტა - ავტონომიური სტრუქტურა ფინანსთა, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროში

პოლონეთი - ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში

სერბეთი - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში

სლოვენია - ფინანსთა სამინისტროში

თურქეთი - ფინანსთა სამინისტროში ავტონომიური ერთეული

ინდოეთი - ფინანსთა სამინისტროში ავტონომიური ერთეული

სამხრეთ კორეა - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ავტონომიური ერთეული

ბრაზილია - ფინანსთა სამინისტროში

კანადა - დამოუკიდებელი სააგენტო, ანგარიშვალდებულია ფინანსთა სამინისტროსადმი

მექსიკა - ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში

აშშ - შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ბიურო

 

ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურები აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა (არა ფინანსთა სამინისტროს) სტრუქტურებშია:

ავსტრია - შინაგან საქმეთა სამინისტროში

ბელორუსია - სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი. აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი

ბოსნია ჰერცეგოვინა - პოლიციის შემადგენლობაში ცალკე საგამოძიებო ქვედანაყოფი

დანია - ბიზნესისა და განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში

ესტონეთი - პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურაში ფინანსური დაზვერვის სახით

ფინეთი - პოლიციის სტრუქტურაში გამოძიების ეროვნული ბიუროს სახით

გერმანია - ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისი

უნგრეთი - საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის სტრუქტურაში

ისლანდია - პოლიციის შემადგენლობაში

ირლანდია - პოლიციის შემადგენლობაში

ისრაელი - იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში

ლატვია - კრიმინალური პოლიცია

ლიტვა - შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლუქსემბურგი - იუსტიციის სამინისტროში

მონტენეგრო - მთავრობის სტრუქტურაში

ნიდერლანდები - ავტონომიური ერთეული პოლიციის სააგენტოს საერთაშორისო დეპარტამენტში

დიდი ბრიტანეთი - დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შსს-ს ანალოგიური ფუნქციის მატარებელი დეპარტამენტის ქვეშ

პორტუგალია - პოლიციის შემადგენლობაში

რუმინეთი - შინაგანს საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში

რუსეთი - ცალკე სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებაში

სლოვაკეთი - შინაგანს საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში

მოლდოვა - ეკონომიკური დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი (აღმასრულებელი ხელისუფლებასთან)

შვედეთი - პოლიციის შემადგენლობაში

შვეიცარია - ფედერალური პოლიციის შემადგენლობაში

უკრაინა - ცალკე სტრუქტურა ღმასრულებელ ხელისუფლებაში

უზბეკეთი - გენერალური პროკურატურასთან შექმნილი ორგანო

იაპონია - პოლიციის ეროვნულ სააგენტოში

ახალი ზელანდია - პოლიციის შემადგენლობაში

არგენტინა - დამოუკიდებელი ერთეული იუსტიციის სამინისტროში

ქვეყნები, სადაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურები დამოუკიდებელ სტუქტურადაა ჩამოყალიბებული:

ბულგარეთი - ცალკე სტრუქტურა „ეროვნული უშიშროების სააგენტო\", რომელსაც ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გარდა სხვა ფუნქციებიც აქვს

კვიპროსი - ცალკე ორგანო, რომლის საზედამხედველო საბჭოში შედიან სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები

საბერძნეთი - ცალკე ორგანო, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყებებისა (ცენრალური ბანკი, ფასიანი ქაღალდების კომისია, ფინანსთა, იუსტიციის, განვითარების სამინისტორები) წარმომადგენლებისგან

ნორვეგია - ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების ცენტრი

ესპანეთი - ფულის გათეთრებისა და საფინანსო დანაშაულების აღკვეთის კომისია

ტაჯიკეთი - ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი

ავსტრალია - დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო.