აფბა: საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ვითარება გაუარასებული არ არის

31.10.2014 | ნანახია 1779-ჯერ



აფბა: საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ვითარება გაუარასებული არ არის

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ საქართველო „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდეს


  31 ოქტომბერს „რეპორტიორის\" პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაცია - აფბამ\" ბრიფინგი გამართა, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივის - „დუინგ ბიზნესის\" ახალი რეიტინგის და მასში საქართველოს პოზიციების ცვლილების შესახებ დასკვნა გაავრცელა.


  „აფბას\" შეფასებით მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგის მიხედვით ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუარესების ნიშნები არ იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა 2014 წლის რეიტინგთან შედარებით 1 საფეხურით დაქვეითდა. „სარეიტინგო პოზიციის ცვლილება უკავშირდება არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებს, არამედ გლობალური ბიზნეს გარემოს კონიუნქტურის შეცვლას\", - განმარტებულია დასკვნაში.


  მოგეხსენებათ, „დუინგ ბიზნესის\" შეფასების 10 კომპონენტის მიხედვით, 4 მათგანში საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში პოზიცია არ შეუცვლია, 1 კომპონენტში გაიუმჯობესა, ხოლო 5 კომპონენტში კი პოზიციები დათმო. თუმცა, როგორც „აფბას\" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე განმარტავს, ცვლილება მოხდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რაც ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუარესდა. „ამაზე ნათლად მეტყველებს მსოფლიო ბანკის „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის შედგენის ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც თითოეულ ქვეყანას ბიზნესის კეთების სიმარტივის განმსაზღვრელ თითოეულ კომპონენტში ქულა ენიჭება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მისი სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, ქონების რეგისტრაციის პროცედურების რაოდენობის თვალსაზრისით, დღეის მდგომარეობით არსებული საუკეთესო პრაქტიკა არის 1 პროცედურა, შესაბამისად ამ კომპონენტში ცალკეული ქვეყნები ფასდებიან ამ სტანდარტთან სიახლოვის მიხედვით, რაც უფრო ახლოსაა ცალკეულ ქვეყანაში ქონების რეგისტრაციის პროცედურები საუკეთესო პრაქტიკასთან, მით უფრო მაღალი ქულა ენიჭება ქვეყანას და პირიქით. ანალოგიურად ხდება ყველა სხვა საკითხის შეფასება\", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


  მისივე განცხადებით, ამ მიდგომის გავითვალისწინებთ, 10 კომპონენტიდან საქართველო მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას 5 კომპონენტში (ქონების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროსისტემებზე მიერთება, ბიზნესის რეგისტრაცია) დაუახლოვდა, 3 კომპონენტში (კრედიტების მიღება, მინორიტარული ინვესტორების დაცვა, კონტრაქტების აღსრულების უზრუნველყოფა) ვითარება არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა, ხოლო 2 კომპონენტში (გადასახადების გადახდის პროცესი, საერთაშორისო ვაჭრობა) საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა.


 

  „აფბას\" დასკვნაში იმ კომპონენტზეც არის საუბარი, რომელიშიც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ პოზიცია მკვეთრად დათმო, ეს არის გადასახადების გადახდის პროცესი, რომელიც მოიცავს გადასახადების რაოდენობას, ჯამურ საგადასახადო განაკვეთს და გადასახადების გადახდის დროით დანახარჯებს. თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ვინაიდან საქართველოში არც გადასახადების რაოდენობა და არც საგადასახადო განაკვეთები არ გაზრდილა, გაზრდილია მხოლოდ გადასახადების გადახდისთვის საჭირო დროის მოცულობა წელიწადში 280 საათიდან 362 საათამდე, რაც ერთი კომპანიისთვის ერთ სამუშაო დღეზე საშუალოდ 1,5 საათი გამოდის, რაც არ არის დროის სერიოზული დანაკარგი. გარდა ამისა, გადასახადების რაოდენობის სიმცირით და საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქით საქართველო განვითარებულ ქვეყნებსაც უსწრებს.


  ჭიჭინაძემ იმ ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქართული ბიზნეს გარემოსთვის ყველაზე პრობლემატურია. „მართალია გასულ წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგში და ერთ-ერთი მოწინავე იყო რეფორმების თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნული რეფორმების დიდი ნაწილი ზედაპირულ საკითხებს ეხებოდა, მაგალითად ქონების დარეგისტირებას, ბიზნესის დაწყებას, ცალკეული ნებართვების მიღებას და ა.შ. ბუნებრივია, ეს მისასალმებელია, თუმცა ბიზნეს გარემოს სხვა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სფეროები მოუგვარებელი რჩებოდა. დღეს კი სწორედ ამ ფუნდამენტურ ფაქტორებზე მუშაობაა აუცილებელი, რათა რეიტინგში ქვეყნის წინ წაწევა მოხდეს, ვინაიდან სხვა რესურსები უკვე ამოწურულია\", - აცხადებს „აფბას\" პრეზიდენტი.


 

  „პრობლემატურ საკითხებს მიეკუთვენა ელექტრო სისიტემებზე მიერთება (37-ე ადგილი), მინორიტარული ინვესტორების დაცვა (43-ე ადგილი), საერთაშორისო ვაჭრობა (33-ე ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (122-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის პირველ ათეულში შემავალი ქვეყნები სწორედ ამ კომპონენტების სიძლიერით გამოირჩევიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნეს საქმიანობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ხსენებული კომპონენტები, ვიდრე მაგალითად ქონების, ან ბიზნესის დარეგისტრირების სიიოლე. მაგალითად, დანია ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივით მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, ხოლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით მე-7-ზე, საერთო რეიტინგში კი მე-5 ადგილზეა (საქართველო ბიზნესის დარეგისტრირების კუთხით მე-5, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით 122-ე)\", - განმარტებულია „აფბას\" დასკვნაში.


  აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით ბოლო რეიტინგში საქართველო 8 საფეხურით წაიწია წინ, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. „აფბას\" შეფასებით, ამ მიმართულებით რეფორმების გაძლიერება საქართველოს „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, როგორც მსოფლიო ბანკის ანალიზი აჩვენებს, არის ყველაზე წონადი და გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყნის საერთო რეიტინგში და აქედან გამომდინარე, მისი გაუმჯობესება ყველაზე მეტად განაპირობებს ქვეყნის რეიტინგს.


  დღეს არსებული მდგომარეობით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით საქართველო 122-ე ადგილზეა, რაც გამოწვეულია ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არაეფექტურობით და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სირთულეებით (რეორგანიზაციის არასრულყოფილი პროცედურები, გაკოტრების პროცედურებში კრედიტორების მონაწილეობის დაბალი ხარისხი, სახსრების ამოღების დაბალი ნორმა და ა.შ.). ამ კუთხით საქართველო თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. მართალია, 2015 წლის რეიტინგში საქართველო 8 საფეხურით დაწინაურდა, თუმცა ეს პრობლემა წლებია არსებობს და მის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა აქამდე არ დაწყებულა. თუ საქართველო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ქვეყანა „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში შევა (პროგნოზი ეყრდნობა „დუინგ ბიზნესის\" რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე მათემატიკურ გათვლას).


  „ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ეფექტურობა განსაზღვრავს რამდენად ხელსაყრელი გარემოა ქვეყანაში სიცოცხლისუნარიანი საწარმოების რეაბილიტაციისთვის და არასიცოცხლისუნარიანი კომპანიების დროული ლიკვიდაციისთვის, ამ მხრივ საქართველოში არასახარბიელო ვითარებაა და ამ ვითარების გამოსწორების გარეშე საქართველო „დუინგ ბიზნესის\" ათეულში და მითუმეტეს ხუთეულში თავის დამკვიდრებას ვერ შეძლებს\", - აცხადებს ჭიჭინაძე.


  ამდენად, როგორც „აფბას\" დასკვნაშია განმარტებული, ბიზნესის კეთების სიმარტვის განმსაზღვრელი ფაქტორებიდან, ცალკეული მიმართულებებით საქართველოს წინსვლის რესურსი უკვე ამოწურული აქვს და ქვეყნის შემდგომი დაწინაურებისთვის საჭიროა სხვა ფუნდამენტურ და ბიზნესისთვის გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა.