„აფბა“ ე.წ. გასაღების მობილური კომპანიებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება

21.11.2014 | ნანახია 1572-ჯერ



„აფბა“ ე.წ. გასაღების მობილური კომპანიებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების მობილური კომპანიებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ, „რეპორტიორის\" პრეს-კლუბში ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ ბრიფინგი გამართა.


როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, გასაღების სხვადასხვა უწყებების მიერ ფლობის რამდენიმე მოდელი არსებობს, რომელთა განხილვა და შეფასება არ შედის „აფბას\" კომპეტენციაში, თუმცა ორგანიზაციის პოზიცია ეხება საკითხის შეფასებას ბიზნესის კუთხით.


„აფბა\" ეწინააღმდეგება იმ მოდელს, რომელიც „გასაღების\" მობილური ოპერატორებისთვის გადაცემას გულისხმობს. ამას, ახალგარზრდა ფინანსისტები რამდენიმე მიზეზით ვხსნით. პირველი რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ბიზნესისთვის დიდი პასუხისმგებლობის გადაკისრება, რაც რისკის ქვეშ აყენებს კომპანიების იმიჯს და მომხმარებელთა განწყობას. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის მოსაზრებები, რომლებიც უკვე არსებობს გასაღების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა ეჭვი, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, მოხდეს ჩანაწერების „გაჟონვა\", რაც, ჩვენი შეფასებით, დარტყმას მიაყენებს კომპანიების საქმიან იმიჯს და მომხმარებელთა მხრიდან ნდობას. ამგვარი შედეგი კი პირველ რიგში თავად კომპანიების ინტერესში არ შედის.


გარდა ამისა, „გასაღების\" კომპანიებისთვის გადაცემა გაართულებს და დამატებით რეგულაციებში მოაქცევს მობილურ ოპერატორებს და მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დანახარჯებს. ასეც რომ არ იყოს, კომპანიები მზად არ არიან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და ჩამოაყალიბონ ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემა. ასევე, არასწორად მივიჩნევთ, კომუნიკაციის იმდაგვარ ფორმას, როდესაც კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის დაკისრებაზეა საუბარი და თავად კომპანიებს არაფერს ვეკითხებით\", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


მან აქვე დასძინა, რომ „აფბა\" მიუღებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას, რომ ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცეთ, ეს არ შედის არც თავად კომპანიების ინტერესებში და სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხსაც რისკის ქვეშ აყენებს.


ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების კერძო კომპანიებზე მინდობა დაუშვებელია. ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და საქმიანობის სფეროები და არ უნდა ხდებოდეს ამ სფეროების გადაფარვა, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების ბიზნესზე გადაკისრება და პირიქით.