აფბა: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაიზრდება

25.11.2014 | ნანახია 1608-ჯერ



აფბა: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაიზრდება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" ბოლო თვეებში დაფიქსირებულ ეკონომიკური ზრდის კლებად ტენდენციას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „რეპორტიორის\" პრეს–კლუბში ბრიფინგი გამართა, სადაც მან ისაუბრა 2014 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე. მისი თქმით, საზოგადოების გარკვეულ წრეებში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომწლიურ ჭრილში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა, რაც რეალობას არ შეესაბამება და საპროგნოზო მაჩვენებელი (5%) ბოლო კვარტლის ეკონომიკური ზრდის ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი მიიღწევა.


„მოგეხსენებათ, მშპ–ის ზრდამ ივლისში 7.2%, აგვისტოში 5.2%, ხოლო სექტემბერში 4.1% შეადგინა. მთავრობას წელს 5%–იანი ზრდა აქვს დაგეგმილი, თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო კვარტალში წინა კვარტლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა უმჯობესდება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ეკონომიკური აქტივობა ბოლო კვარტალში იზრდება. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2012 წლის ბოლო კვარტალი, როდესაც ბოლო კვარტალი პოსტსაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძვრებმა ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შეამცირა\"– აცხადებს გულბანი.

 

რაც შეეხება სტატისტიკურ მხარეს და კონკრეტულ გაანგარიშებას, „აფბას\" ვიცე პრზიდენტის თქმით,იმისთვის, რომ ერთი კვარტლის მონაცემმა სამი კვარტლის მონაცემი გადაწონოს და საბოლოო სურათზე არსებითი გავლენა მოახდინოს, საჭიროა ამ ერთ კვარტალში მკვეთრი ძვრა (პოზიტიური ან ნეგატიური) მოხდეს. ამ მხრივ მას მაგალითად მოყავს 2013 წელი, როდესაც პირველ სამ კვარტალში საშუალო ზრდა იყო 1.8%, ხოლო ბოლო კვარტალში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა - 7.1%, წლიურ მაჩვენებელზე არსებითი გავლენა მოახდინა და ეკონომიკა 2013 წელს 3.2%-ით (3 კვარტლის საშუალოსთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტი) გაიზარდა.


თუ მკვეთრი ცვლილების ალბათობას მიმდინარე წლის IV კვარტალშიც დავუშვებთ, მაშინ საინტერესოა, რა უნდა მოხდეს, რომ მინიმუმ პროგნოზი (5%) შესრულდეს და რა შემთხვევაში შეიძლება საპროგნოზო მაჩვენებელი მიღწეული ვერ იქნას. ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი  9 თვის საშუალოსთან (5.9%) შედარებით თითქმის 3-ჯერაც რომ დაეცეს, წლიურ ჭრილში 5%-იანი ზრდა მაინც მიიღწევა, ხოლო წლიური ზრდა რომ პროგნოზს ჩამოსცდეს და დავუშვათ, 4% შეადგინოს, ამისთვის, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში უნდა დაფიქსირდეს 1.8-2%-იანი ვარდნა, რისი არანაირი წინაპირობაც არ არსებობს, ვინაიდან წლის ბოლო თვეებში აქტიურდება საბიუჯეტო პროცესი, მატულობს ეკონომიკური აქტივობა, რაც ეკონომიკურ ზრდას დადებით იმპულსებს აძლევს”- განაცხადა შოთა გულბანმა


ამდენად „აფბა\"–ში მიიჩნევენ, რომ2014 წელს ეკონომიკა მინიმუმ საპროგნოზო მაჩვენებლის დონეზე გაიზრდება, ხოლო თუ წლის ბოლო თვეებში ეკონომიკური აქტივობა „ტრადიციულად\" მოიმატებს, ეკონომიკის 6%-იანი ზრდა რეალისტური იქნება.