მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხს აფასებს

3.12.2014 | ნანახია 1566-ჯერ



მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის მენეჯმენტის ხარისხს აფასებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა\" აგრძელებს მთავრობის მუშაობის შედეგების შეფასებას და მონიტორინგს. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, 2013 წელს განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მენეჯმენტის ხარისხთან დაკავშირებით.

 

ანგარიშის შესახებ \"აფბას\"ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა\"რეპორტიორი\"– პრესკლუბში ბრიფინგი გამართა და დეტალური განმარტებები გააკეთა.


კერძოდ საუბარი არის ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ შეფასებაზე ორი მიმართულებით: ეკონომიკური მენეჯმეტი და სტრუქტურული პოლიტიკა, რაც თავის მხრივ დაყოფილია შეფასების შემდეგ კომპონენტებად:


მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ფისკალური პოლიტიკა; ვალის მართვა; ვაჭრობა; ფინანსური სექტორი და ბიზნესის მარეგულირებელი გარემო;

 

თითოეული კომპონენტის შეფასების შკალა განისაზღვრება 1–დან 6 ქულამდე.

 

საინტერესოა რა პოზიციებს იკავებს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში. განვიხილოთ თითოეული კომპონენტი და შესაბამისად ქვეყნის პოზიცია.


ეკონომიკური მენეჯმენტი


მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობით საქართველო განვითარებად ქვეყნებში მე–3 ადგილზეა 4,5 ქულით, იგი გულისხმობს ქვეყნის მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკის შეფასებას ერთობლივი მოთხოვნის ფარგლებში.

 

ფისკალური პოლიტიკა:მე–2 ადგილი, 4,5 ქულა – აფასებს მოკლე და საშუალო ვადიან ფისკალურ სტაბილურობას, ასევე მის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე.


სავალო პოლიტიკა:პირველი ადგილი, 5 ქულა –   გულისხმობს, თუ რამდენად ხელის შემწყობი იქნება სახელმწიფოს სტრატეგია ვალის მართვასთან დაკავშირებით, დაიყვანს თუ არა მინიმუმამდე ეს სტრატეგია საბიუჯეტო რისკებს და უზრუნვეელყოფს თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში ვალის სტაბილურობას.

 

აღნიშნული სამი კომპონენტიდან, საშუალო მაჩვენებელს თუ გამოვთვლით, საქართველო 4,7 ქულით პირველ ადგილზეა.

 

სტრუქტურული პოლიტიკა


ვაჭრობა:საქართველოს პოზიცია პირველი ადგილი, 6 ქულა – აქ ფასდება, თუ რამდენად შეუწყო ხელი საქონლით ვაჭრობას, მთავრობის მიერ განსაზღვრულმა პოლიტიკამ ამ კუთხით.

 

ფინანსური სექტორი:მე–9 ადგილი, 3,5 ქულა – აფასებს ქვეყნის ფინანსური სექტორის სტრუქტურას და იმ პოლიტიკას და რეგულაციებს, რაც მასზე ზეგავლენას ახდენს.

 

ბიზნესის მარეგულირებელი გარემო: პირველიადგილი, 5,5 ქულა – აფასებს, თუ რამდენად ხარისხიანია ქვეყნის საკანონმდებლო, მარეგულირებელი და პოლიტიკური გარემო, დაეხმაროს ან შეაფერხოს კერძო ბიზნესის საინვესტიციო საქმიანობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მათთვის სტიმულის მიცემა.

 

რაც შეეხება სტრუქტურული პოლიტიკის საშუალო მონაცემს, საქართველო აქაც პირველ ადგილზე იმყოფება 5 ქულით.

 

როგორც ვხედავთ, მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით, საქართველოს მთავრობას მენეჯმენტის ხარისხის კუთხით, განვითარებად ქვეყნებში ერთ–ერთი პირველი ადგილი უკავია.