აფბა: 2015 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს

24.12.2014 | ნანახია 1499-ჯერ



აფბა: 2015 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს

24დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო ,,რეპორტიორის\" პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას\" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ ბრიფინგი გამართა, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

 

ახალგაზრდა ფინანსისტები მიჩნევენ, რომ ვინაიდან 2014 წლის საბიუჯეტო პროცესი დასასრულთან ძალიან ახლოსაა, განვლილი პერიოდის შეფასება უკვე შესაძლებელია. ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით არსებული პრობლემების ფონზე, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ხარისხი ოპტიმალურია და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულებას უზრუნველყოფს.


,,მოგეხსენებათ, რომ 2014 წლისთვის შემოსულობები 9,105 მილიარდი ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, გადასახდელები კი - 9,080 მილიარდი ლარის დონეზე, მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით კი შემოსულობების 95%, ანუ 8,570 მილიარდი ლარია მობილიზებული, გადასახდელებით ათვისების ხარისხი კი 91%-ს შეადგენს, რაც 8,261 მილიარდი ლარია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან, რომ შემოსულობები 100%-ით იქნება მობილიზებული, ხოლო გადასახდელების ნაწილში შესრულება 95%-ის ფარგლებში იქნება. რა თქმა, უნდა ეს არ არის პოზიტიური ფაქტი, თუმცა ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გამოსავალია. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ აქვს და არ ექნება, შესაბამისად ამ მიმართულებით დესტაბილიზაციის საფრთხე, პირველ რიგში ლარის კურსთან დაკავშირებით, არ არსებობს.


მთავარი პრობლემას, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას უკავშირდება, წარმოადგენს უცხოური გრძელვადიანი კრედიტების და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისება, რომელიც 11 თვის მდგომარეობით 60%-ის დონეზეა. ყველა სხვა მიმართულებით, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში არსებითი და მწვავე პრობლემები, ბიუჯეტის შესრულების ოფიციალური ანგარიშის მიხედვით არ ფიქსირდება,\" - განაცხადა ,,აფბას\" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.

 

რაც შეეხება 2015 წლის ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, ჭიჭინაძის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურადაა დაგეგმილი. მისი თქმით, მთავრობა მომავალი წლისთვის შემოსულობების 8,5%–იანი მატებას გეგმავს, ხოლო გადასახდელები, მთლიანი ის თანხა, რასაც სახემწიფო მომავალ წელს დახარჯავს 7.3%–ით გაიზრდება. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ 2015 წელს ბიუჯეტის ზრდა მნიშვნელოვანწილად ეკონომიკური ზრდით იქნება განპირობებული, ანუ 2014 წლისგან განსხვავებით, როდესაც ძირითადად ვალდებულებების ზრდის ხარჯზე მოხდა ბიუჯეტის გაზრდა, მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის წყარო ეკონომიკური ზრდა იქნება.


,,2015 წლისთვის დაგეგმილია ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის 11%–იანი ზრდა, რომლის უდიდეს ნაწილს საგადასახადო შემოსავლები შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების 2015 წლის გეგმა 7,6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმურ მაჩვენებელს 11.4%–ით აღემატება. თუ გამოვრიცხავთ ინფლაციის ფაქტორს, რომელიც შემდეგი წლისთვის 5%–ის დონეზეა დაგეგმილი, გამოდის, რომ მომავალ წელს საფადასახადო შემოსავლები რეალურად 6.4%–ით გაიზრდება. თუმცა, მოგეხსენებათ, მომავალი წლისთვის მთავრობას ეკონომიკის 5%–იანი ზრდა აქვს დაგეგმილი, ამდენად, „აფბას\" შეფასებით საგადასახადო შემოსავლების ზრდიტ ტემპის გადაჭარბება ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებას უკავშირდება, ვინაიდან სხვა მიმართულებით ცვლილებები არ არსებობს.


რაც შეეხება გადასახდელებს, მთავრობა მომავალ წელს 6.2%–ით მეტ ხარჯს გაწევს, 16%–ით მეტს დახარჯავს არაფინანსური აქტივების ზრდაზე, 42%–ით მეტს ფინანსური აქტივების ზრდაზე, ხოლო ვალდებულებების დასაფარავად 419 მილიონი ლარი მიიმათება, რაც 2014 წლის გეგმურ მაჩვენებელზე 30%–ით ნაკლებია\" - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

 

 რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ჭიჭინაძის განცხადებით, მომუშავეთა რაოდენობის 4,6%–იანი ზრდის ფონზე (111 337 ადამიანიდან 116 442 ადამიანამდე), შრომის ანაძრაურებისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 6,7%–ით, თითქმის 100 მილიონი ლარით - 1,318 მილიარდი ლარიდან 1,407 მილიარდ ლარამდე. 2013 წელთან შედარებით კი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 6%–ით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 18%–ით (220 მილიონი ლარით), დროის იგივე პერიოდში ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 8%–ით. „აფბას\" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე მიუღებელია სახელფასო ფონდის მსგავსი მატება. ეს პრაქტიკა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და სამწუხაროდ პრობლემად რჩება დღესაც. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჭიჭინაძის განცხადებით, ყველა პრიორიტეტული სფერო მომავალ წელს გაზრილი დაფინანსებით შეხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.

 

,,მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომავალი წლისთვის ადგილი ექნება საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას. ამდენად, 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო ჯანსაღი და შესაბამისად მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუმცა ერთია რა წერია ქაღალდზე და მეორე – რა მოხდება რეალურად. ვიმედოვნებ, რომ ბიუჯეტის ათვისებასთა დაკავშირებული პრობლემები მომავალი წლისთვის აღმოიფხვრება და 2015 წელს ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში გეგმის მიხედვით შესრულდება\" - განაცხადა ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.