აფბა: ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის კრიზისი სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს

9.01.2015 | ნანახია 1543-ჯერ



აფბა: ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის კრიზისი სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს


9 იანვარს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\"–„აფბა\"-მ საინფორმაციო სააგენტო „პირველი\"-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა, თემაზე: რა გავლენას იქონიებს რუსეთის კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე.


ორგანიზაციის ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები საქართველოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.


„მოგეხსენებათ, 2014 წელს რუსული რუბლი თითქმის 60 % გაუფასურდა, რაც 1998 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი გაუფასურებაა რუსეთის ისტორიაში. იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც სამშობლოში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს აგზავნიან, რუსეთში სიტუაციის მსგავსი განვითარება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ასეთი ადამიანებისთვის.


თუმცა, მნიშვნელოვანია, რამდენად სერიოზული იქნება რუსული კრიზისის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე. პირველადი ეფექტი რუსულმა კრიზისმა ქართულ ეკონომიკას ფულადი გზავნილების კუთხით დაატყო. 2014 წელს ნოემბერში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 104 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 მილიონი დოლარით ნაკლებია 2013 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გზავნილების შემცირება არ მომხდარა იმ მოვლენების პროპორციულად, რაც დღეს რუსეთში მიმდინარეობს, ამდენად, მნიშვნელოვან საფრთხეს ამ კუთხით არ უნდა ველოდოთ.\"– განაცხადა ანალიტიკოსმა.


ბაირახტარის განცხადებითვე, მეორე მიმართულება, რასაც შეიძლება რუსულმა კრიზისმა „დაარტყას\", ეს არის საქართველოდან ექსპორტი. „რუბლის გაუფასურების შემდეგ ქართული კომპანიების გაყიდვები რუსეთში შემცირდა, თუმცა ექსპორტში და იმპორტში რუსეთის წილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ამ მიმართულებით მოსალოდნელი არ არის. შეგახსენებთ, რუსეთს საქართველოს ექსპორტში 9%, ხოლო ბრუნვაში დაახლოებით 7%-ი უჭირავს, ეს კი დიდი ციფრი ნამდვილად არ არის. ბაზარი დივერსიფიცირებულია და ეს მნისვნელოვან როლს თამაშობს, წინააღმდეგ შემთხვევაში გავლენა გაცილებით დიდი იქნებოდა ქართულ ეკონომიკაზე. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, ბიზნესმა შეძლო ახალი ბაზრების ათვისება მაგრამ ამის მიუხედავადაც მაშინდელი რუსული ბაზრის დაკარგვა ქართულ ეკონომიკაზე მტკივნეულადაც აისახა. მაგრამ დღეს მნიშვნელოვნად განსხვავებული მდგომარეობაა, გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ქართული ექსპორტი პირდაპირ და დიდ წილად იყო მიბმული რუსულ ბაზარზე, დღეს კი  სიტუაცია სულ სხვაგვარადაა, ბიზნესმა შეძლო და აითვისა ახალი ბაზრები ასევე ასათვისებელია ევროკავშირის მრავალმილიონიანი ბაზარი. ამდენად, გასულ წლებში რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ დღეს რუსეთის  კრიზისი უფრო უმტკივნეულოდ აუვლის გვერდს ქართულ ეკონომიკას.\" განაცხადა „პირველი\"-ს პრეს-კლუბში საუბრისას ბაირახტარმა.