პროფკავშირები - აფბა: უყაიმო თამაში

12.08.2011 | ნანახია 785-ჯერ



პროფკავშირები - აფბა: უყაიმო თამაშიირაკლი პეტრიაშვილი: \"ახალგაზრდებმა არ იციან საკითხი და ენას ატლიკინებენ\"

მერაბ ჯანიაშვილი: \"კორუმპირებული ირაკლი პეტრიაშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ხოლო საბჭოთა პროფკავშირები დაუყონებლივ უნდა დაიშალოს\"


\"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას\" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ 4-5 წელია ის და მისი მეგობრები თვალს ადევნებენ დასაქმებულთა უფლებების დაცვას პროფკავშირის მიერ, უფრო სწორად, მოქალაქეთა უფლებების მასობრივ და ტოტალურ დარღვევას როგორც სახელმწიფო უწყებების, საბიუჯეტო ორგანიზაციების, ისე ხელისუფლებასთან შეზრდილი კლანური ბიზნესების მიერ. ამ პროცესის გვირგვინს წარმოადგენდა კახა ბენდუქიძის ინიციატივით მიღებული შრომის კოდექსი, რომლის თანახმადაც დაქირავებულისა და ძველ საბერძნეთში პლანტაციებსა თუ კარიერებზე მომუშავე მონის მდგომარეობა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯანიაშვილის აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და დრაკონული შრომის კოდექსი შეიცვალოს. ევროკავშირის 4 ძირითადი მოთხოვნიდან, მასსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დასადებად, ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს პროფკავშირების საქმიანობა და ამაღლდეს მისი როლი.
საქართველოში უმსხვილესი პროფესიული კავშირების ერთობის - `გაერთიანებული პროფკავშირების~ ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, მათი საქმიანობა არის შინაარსიანი, ეფექტური და შედეგიანი. `გაერთიანებული პროფკავშირები~ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აწვდიან მათ ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, აწყობენ აქციებს, იგერიებენ ხელისუფლების შემოტევას. მოკლედ, `დანიის სამეფოში~ ყველაფერი რიგზეა.
მიუხედავად ამისა, პროფკავშირების ლიდერად ირაკლი პეტრიაშვილის მოსვლის შემდეგ, ათიათასობით დასაქმებული ადამიანი გახდა უმუშევარი, უმეტეს შემთხვევაში კომპენსაციების გარეშე. მასწავლებლები, ექიმები, სახელმწიფო მოხელეები, მეცნიერები, მძღოლები, თვითდასაქმებულები ქუჩაში აღმოჩნდნენ, ხოლო შემდეგ ან მაწანწალებად იქცნენ, ან რუსეთში, ევროპასა და თურქეთში ასრულებენ ძირითადად დამლაგებლის, ბავშვის ან მოხუცის მომვლელის, ჩაის ან ციტრუსის მკრეფავის და სხვა ამდაგვარ სამუშაოს, სადაც მათ არ სჭირდებათ თავიანთი დიპლომები და პროფესიული კვალიფიკაცია. პროფკავშირმა ვერ შეძლო მათი დახმარება, გამოქომაგება და საერთოდ დასაქმებულთა ინტერესების დაცვაში მიზერულ როლს ასრულებს. 

საბჭოთა წყობილების გადმონაშთი
ჩვეული რიხით მოსაუბრე პეტრიაშვილი არად დაგიდებთ ეთიკის ნორმებს. მას, ჩანს, პროფკავშირის ისტორიაც დაავიწყდა ან დაივიწყა. `გაერთიანებული პროფკავშირები~ საბჭოთა პროფკავშირების სამართალმემკვიდრეა. ის ორგანიზაციულად და იდეურადაც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიდა საბჭოთა პროფკავშირების მენტალური ჩარჩოდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ყოფილი პარტიული და პროფკავშირული ბოსები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ პროფკავშირების ქონების დასაკუთრებით. ბევრი ობიექტი თანდათან გაიყიდა. განსაკუთრებითYდიდი უძრავი ქონება დარჩა საქართველოს პროფკავშირებს. ქვეყნის მაფიოზურს ძალებს ეს მხედველობიდან არ გამოპარვიათ და გაჩაღდა ძარცვა-გლეჯა. 

ბატონი ტუღუში, პროფკავშირების ყოფილი ლიდერი
ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა ირაკლი ტუღუში. პოლიტიკურ სპექტრში იგი სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების მომხრედ მოიაზრებოდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განკერძოვდა პროფკავშირების ქონების დიდი ნაწილი. გაუგებრობებიც ბევრი იყო. ერთხელ ბატონი ირაკლი ტუღუში გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველმა პირებმა დაჭრეს კიდეც. მან, შეიძლება ითქვას, ვერ შეძლო პროფკავშირების ქონების განიავების პროცესის შეჩერება. მისი ამ პოსტზე მუშაობის ბოლო პერიოდში, ირაკლი ტუღუშს თვით პროფკავშირების შიგნითაც წარმოეშვა ოპოზიციური ჯგუფები. საუბარი მაღალ მატერიებზე მიდიოდა, მაგრამ დაკვირვებული ჩვენი თანამოქალაქეები იოლად შეამჩნევდნენ, რომ ბრძოლა მიმდინარეობდა დარჩენილი, გაუსხვისებელი ქონებისა და სხვა აქტივებისთვის. 
მაგრამ ირაკლი ტუღუში იოლად ხელწამოსაკრავი კაცი არ არის. საერთოდ, პროფკავშირული ლიდერები კარგად ლაპარაკობენ, კარგად ფლობენ არგუმენტირებული მსჯელობის ხელოვნებასაც და, თუ დასჭირდათ, დემაგოგიური საუბარიც ასდით ხელზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ აბაშიძის ქალიშვილია, ხოლო აბაშიძეთა ამ შტოს წარმომადგენელი იყო ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დიდი ბებია. ამიტომ, ტუღუში რეპრესიებს გადაურჩა და, როგორც ამბობენ, მასთან შევარდნაძის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, არც საპროცესო გარიგება გაუფორმებიათ. 
ტუღუშს მაინც არ ეთმობოდა პოსტი. მასთან დაპირისპირებულებიდან ირაკლი პეტრიაშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც ახალი ხელისუფლება აშკარად უჭერდა მხარს. როგორც სჩვევიათ, ეს ურთიერთობები გარეგნულად ტრფობა-წამებულს წარმოადგენდა, თითქოს `გაერთიანებული პროფკავშირები~ იგნორირებული იყო, მაგრამ სუსტმა პროფკავშირებმა, არადა, ასეთი იყო `გაერთიანებული პროფკავშირები~, თუ ობიექტურად შევნიშნავთ, როცა მის სათავეში პეტრიაშვილი მოვიდა, ვერაფერი გააწყო და არც უცდია მაინც და მაინც თავის გამოჩენა პროფკავშირის წევრების ინტერესების დასაცავად. 

ტრადიცია გრძელდება
ჩვენ არ ვაპირებთ კონკრეტულ და საგნობრივ საუბარს დღევანდელ პრფკავშირებზე. იქ სასაუბროც ბევრი არაფერია. ამჯერად მხოლოდ ორი ფაქტის კონსტატაციით შემოვიფარგლებით. `გაერთიანებულმა პროფკავშირებმა~, თავისი `მებრძოლი~ ლიდერის ხელმძღვანელობით, ხელისუფლებას ბევრი რამ დაუთმო. მათ შორის და კერძოდ, `შრომის სასახლე~, სადაც დღეს თბილისის მერიაა განთავსებული. რატომ, რის საფუძველზე, რა გარიგება შედგა პროფკავშირების ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას, ანუ ხელისუფლებას შორის, საზოგადოებისთვის უცნობია. საზოგადოება ახსნა-განმარტებას მოელის, აგრეთვე, თბილისში, მეტრო `დელისთან~ მდებარე `პროფკავშირების სასახლის~ კომპანია `ნიბა-ინვესტისთვის~ გადაცემის გამო. კონკრეტული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი პროფკავშირის წევრებს ეკუთვნით და არა პროფკავშირულ ლიდერებს. 
სხვა მანიპულაციებზე ამჯერად, მოდით, ნუ ვისაუბრებთ.

უზურპატორი
ვადევნებდით რა თვალს პროფკავშირული ლიდერებისა და ახალგაზრდა ფინანსისტების პოლემიკას, არაერთხელ დავსვით კითხვა: ვის ეკუთვნის პროფკავშირები, მის ხელმძღვანელობას, თუ რიგით წევრებს, რომელთა მიერ გადახდილი საწევროებით ცხოვრობენ ეს უკანასკნელნი და რომელთა სახელითაც ყინჩად საუბრობენ. 
საზოგადოებისთვის იმედისმომცემმა და ენერგიულმა პეტრიაშვილმა თითქოს კარგად დაიწყო. თუმცა, რაც დრო გადიოდა ცხადი ხდებოდა, რომ პროფკავშირებში არაფერი შეიცვალა. თვით პეტრიაშვილის არჩევის პროცედურამაც, სხვა შიდა პროფკავშირულმა პროცესებმა ცხადყო, რომ პროფკავშირები არადემოკრატიული ინსტიტუტია. როცა განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირის თავმჯდომარედ 11 ხმით აირჩიეს `ნაცმოძრაობის~ აქტივისტი მაია კობახიძე (გახსოვთ, ალბათ, მისი სხარტულა, ცნობილი ვიდეორგოლიდან: `ჩვენ პრობლემებს შინ და გარეთ / მე და მიშა მოვაგვარებთ~). ქალბატონი კობახიძე 11 კაცმა აირჩია, რადგან 120 დელეგატმა კონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა, სხდომაზე დამსწრე 173 დელეგატიდან. ამჯერად, საუბარს არც იმაზე გავაგრძელებთ, როგორ იქმნება, მთელ რიგ სფეროებში, `გაერთიანებული პროფკავშირების~ სტრუქტურები `ზემოდან~. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ საბჭოთა პერიოდი `გაერთიანებულ პროფკავშირებში~ არ დამთავრებულა. 

მოსყიდვა, როგორც მედიასთან ურთიერთობის ფორმა
ბატონმა პეტრიაშვილმა, ტელეკომპანია `კავკასიის~ ეთერში მერაბ ჯანიაშვილთან დებატებისას ასეთი რამ წამოაძახა ახალგაზრდა ფინანსისტს: თქვენაო, რა ზნეობის ხალხი ხართ, ერთ-ერთი თქვენგანი ამასწინათ ტრენინგზე უფასოდ წავიყვანე, ახლა ის კაცი ჩემს წინააღმდეგ მკაცრ და არასწორ განცხადებებს აკეთებსო~.
გაოგნდა, ჯანიაშვილი და განცვიფრდა დავით აქუბარდია. დემაგოგიას და პირდაპირ ეთერს მიუჩვეველმა ჯანიაშვილმა მაინც მოახერხა და უთხრა ბ-ნ პეტრიაშვილს: რახან თქვენ ჟურნალისტი ორდღიან ტრენინგზე წაიყვანეთ, ასადილეთ, ავახშმეთ და ბაზალეთზე ორი ღამე გაათევინეთ, საქართველო რომც დააქციოთ, აღარ უნდა გაგაკრიტიკოთო?!
გასაოცარი ლოგიკაა, ჩანს პროფკავშირული ლიდერის ლოგიკა. როგორც დავადგინეთ, საქმე ეხება გაზეთ `ბანკები და ფინანსების~ მთავარი რედაქტორის და აფბას წევრის, ზურაბ კუკულაძის ორდღიან ტრენინგს სასტუმრო `ბაზალეთში~. ბაზალეთის ტბაზე ორდღიანი გასეირნების სანაცვლოდ პროფკავშირების ხელმძღვანელი ჟურნალისტისგან მოითხოვს, მან არასდროს გააკრიტიკოს ის და მისი ორგანიზაცია. აი, ეს არის სანაქებო პროფკავშირული ზნეობა. ასე რომ, ვინც აწი დააპირებთ პეტრიაშვილის მოწყობილ ტრენინგზე წასვლას, იცოდეთ, ვერასდროს დაწერთ ან იტყვით რაიმე უარყოფითს მის შესახებ. 

კომპარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება პროფკავშირების \"ნიბა-ინვესტისთვის\" ნაჩუქარ \"სასახლეში\"
აფბას შეთავაზებას საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ, პეტრიაშვილი დათანხმდა. ჯანიაშვილი და მისი მეგობრები სადისკუსიოდ მივიდნენ `გაერთიანებული პროფკავშირების~ ოფისში. მათთვის მოულოდნელად, დარბაზში პროფკავშირული აქტივი დახვდათ მობილიზებული. ჯანიაშვილის წინადადებას - შეთანხმებულიყვნენ დროზე, დაესვათ შეკითხვები და გაეცათ პასუხები, პროფკავშირების მხრიდან გაგებით არ შეხვედრიან. პეტრიაშვილმა ახალგაზრდების `დაბოლება~ გადაწყვიტა და ნამდვილი საბჭოთა პარტიულ-პროფკავშირული თავმჯდომარის სტილში ერთსაათიანი მოხსენება მოასმენინა ჯანიაშვილს და მის მეგობრებს. 

ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და სიგარეტი პირში
ასე შეიძლება შეფასდეს ეს საბჭოური სტილის `ღინისძიებებისა~ და `ღვინისძიებების~ საკმაოდ უშნო და უგემური კოქტეილი. იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, კოქტეილიც არ იყო. 

ირაკლი პეტრიაშვილი
მას მიაჩნია, რომ `გაერთიანებული პროფკავშირები~ დაკისრებულ ფუნქციას თავს კარგად ართმევს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სულაც არ უთქვამს, რომ პროფკავშირები საქართველოში ცუდად მუშაობს, მან თქვა, რომ საქართველოში პროფკავშირებმა უკეთ უნდა დაიცვას დასაქმებული ადამიანების ინტერესები. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი პროფკავშირები ძალიან მაგარია. 

\"თუ ეშინიათ დისკუსიაში მონაწილეობა, ენას ნუ ატლიკინებენ\"
ეს ბატონ პეტრიაშვილის ყველაზე დახვეწილი და ხატოვანი გამოთქმაა. ჩვენ მისგან უკეთესი ჯერ არ მოგვისმენია. ამიერიდანაც ვაპირებთ გამოწვლილვით განვიხილოთ მისი საქმიანობა და თუ შევხვდებით სხვა მარგალიტებს, მათაც გაგაცნობთ. ბ-ნი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი პროფკავშირები კარგად მუშაობს, `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა~ ერთ-ერთი სახელისუფლებო ჯგუფის მიერ დაგეშილია მის წინააღმდეგ, იგი არ გამორიცხავს აფბას ალიანსს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ახალგაზრდებს, ძველგაზრდებსაც, რასაკვირველია, პროფკავშირების საკითხებში ღრმად ჩახედულობის ხარისხს უწუნებს. ირაკლი პეტრიაშვილს, ჩანს, დიდი იმედი ჰქონდა, რომ პოლემიკასა და კამათში გაუწაფავ, 20-30 წლის ახალგაზრდებს იოლად დაჩაგრავდა ისეთ სპეციფიკურ თემაზე საუბრისას, როგორიცაა პროფკავშირები. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ახალგაზრდა ფინანსისტებს არ გადაეფიქრებინათ დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან თავისი ლაპარაკის ნიჭის იმედი ჰქონდა და კიდევ გამოუცდელ ჯანიაშვილთან `კავკასიის~ ეთერში წარმატების.
როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
გამოვიდა პარტიული კრება 80-იანი წლების დასაწყისის. 

მერაბ ჯანიაშვილი: ენის ტლიკინით ნათქვამი სიმართლე ენის მოჩლექით ხელისუფლების წინაშე მლიქვნელობას სჯობია
ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ მიზანს მიაღწია. დისკუსია პროფკავშირების შესახებ დაიწყო. საბჭოთა პროფკავშირები უნდა გაუქმდეს, ხოლო მისი ალტერნატივა უნდა გახდეს თავისუფალი პროფკავშირები, შექმნილი თავისუფალი ადამიანების მიერ, პროფესიული ნიშნით, `ქვემოდან~. შემდეგ ეტაპზე ასეთი პროფკავშირები ქმნიან სოლიდურ გაერთიანებას, ინარჩუნებენ რა ავტონომიურობას, არიან თანაბარუფლებიანი პარტნიორები ხელისუფლებასთან და დამქირავებლებთან დიალოგში და ეფექტურად, შედეგიანად იცავენ დაქირავებულთა ინტერესებს.
აფბას პრეზიდენტს არ სწყინს, რომ ენის მოტლიკინეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, სამაგიეროდ, საზოგადოება გამოაფხიზლა და პროფკავშირული ბობოლები გონს მოიყვანა. ყოველ შემთხვევაში უნდა ასე იყოს. ბატონ პეტრიაშვილისგან ასეთ გავეშებას, არ მოელოდა. `კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების~! - იღიმება იგი. თუ `კავკასიის~ ეთერში ვერ ვაჩვენე, რომ მართალი ვარ და ვერ დავჯაბნე ჩემი სიმართლით ბატონი პეტრიაშვილი, არა უშავს, 20 წლის შემდეგ, მეც რომ იმხელა ვიქნები, რამხელაც პეტრიაშვილია, საერთოდ ხმას არ ამოვაღებინებ პოლემიკისას, სჯერა ჯანიაშვილს.
ნეტარ არიან მორწმუნენი!

ვინ არის კორუმპირებული: პეტრიაშვილი თუ ჯანიაშვილი
აფბას პირველი გამოსვლის შემდეგ, დაბნეულმა ირაკლი პეტრიაშვილმა მათ უკან ერთ-ერთი სახელისუფლებო დაჯგუფება დალანდა. ჯანიაშვილი ამას მიესალმებოდა, მაგალითად, თუ მის უკან და მის გვერდით დადგებოდნენ ბენდუქიძე, უგულავა, ვერა ქობალია. . . 
სინამდვილე კი ასეთია: რახან ირაკლი პეტრიაშვილმა ჩვენ ერთ-ერთი სახელისუფლებო ჯგუფის მოკავშირეებად გამოგვაცხადა, ბუნებრივია, ეს ჯგუფი ჩვენ ფულს გვიხდის, - აღნიშნავს ჯანიაშვილი. ჩვენ ამ ფულით კარგად უნდა ვცხოვრობდეთ, უნდა გვქონდეს კარგი ბინები, სახლები, აგარაკები და მანქანები. ე.ი. ჩვენ ვართ ახალგაზრდა კორუმპირებულები. კორუმპირებულობაში ჩვენი დადანაშაულების შემდეგ, ჩვენ მას მის თანამოაზრეებს დავდეთ ბრალი კორუმპირებულობაში და ამ ყველაფრის შესასწავლად მივმართეთ მასმედიის წარმომადგენლებს, ერთად დაგვეთვალიერებინა პეტრიაშვილის, ჩემი, აგრეთვე `გაერთიანებული პროფკავშირებისა~ და აფბას სხვა ხელმძღვანელების უძრავ-მოძრავი ქონება. ამაზე ბატონმა პეტრიაშვილმა უარი განაცხადა, რითაც გაამყარა ჩემი რწმენა, რომ ბატონი პეტრიაშვილი კორუმპირებულია, - აცხადებს ჯანიაშვილი.