,,აფბა’’ : ანტიკრიზისული საბჭოს როლი და ფუნქციები გასაზრდელია

18.06.2015 | ნანახია 1566-ჯერ



,,აფბა’’ : ანტიკრიზისული საბჭოს როლი და ფუნქციები გასაზრდელია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, სადაც სტიქიური მოვლენები ხშირია, რადიკალურად უნდა შეიცვალოს კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციები.

"ეს ინსტიტუტი, გარკვეულად პოლიტიკურ დაპირისპირებათა კონტექსტში ჩამოყალიბდა და, აქედან გამომდინარე, მისი როლი ბოლომდე არ იქნა გააზრებული. ეს 13 ივნისის მოვლენამაც დაადასტურა. გასაძლიერებელია საბჭოს საკოორდინაციო ფუნქცია, ის უნდა იძლეოდეს განკარგულებებს, მასთან უნდა იყრიდეს თავს ყველა ინფორმაცია და თვითონ უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირების ერთადერთი წყარო. ამასთან, ასაწყობია იერარქიული სისტემაც. საბჭო ვერ შეცვლის სამინისტროებს და მერიებს, მაგრამ სტიქიის პერიოდისთვის ავტომატურად უნდა ერთვებოდეს მინისტრის რომელიმე მოადგილე საქმიანობაში და უნდა უზრუნველყოფდეს უწყებების მაქსიმალურ ჩართულობას.

ცალკე საკითხია სტრატეგიული რეზერვების თემა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროს, შევჩერდებით ჯანდაცვაზე. შესაბამის სამინისტროს, ასეთ შემთხვევებში, მედიკამენტიდან დაწყებული და მომსახურებით დამთავრებული, ბევრი სამუშაოს გაწევა მართებს. შესაბამისად, ამ მომსახურებასა და მედიკამენტებს ის ბაზარზე ყიდულობს, რომელიც ნამდვილად არ არის იაფი. ამდენად, არაა ურიგო თუ იარსებებს იმ წამლების ჩამონათვალი, რომელიც ასეთ დროს აუცილებელია და რომელიც იქნება სტრატეგიულ რეზერვში. ეს გამორიცხავს ,ერთის მხრივ, ზედმეტ დანახარჯებს და ,მეორეს მხრივ, რისკს იმისას, რომ ესოდენ საჭირო მედიკამენტები არ აღმოჩნდეს ქსელში და დაზარალებულების სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის ქვეშ. ასევე, მიზნობრივი პროგრამებით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს წვდომა იმ მომსახურებებზე, რომლებიც სპეციფიკურად თან ახლავს სტიქიურ უბედურობებს. ჯანდაცვას, სამაშველო სამსახურებს მოვლენებზე სწრაფი რეაგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური ვერტმფრენები და საჭირო ტექნიკა. ამ თვალსაზრისით, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროების საქმიანობა კარგადაა გასააზრებელი და სახელმწიფო რეგულირების ბერკეტები დასანერგი, რათა სტრატეგიული მიზნების რეალიზება მოხდეს წარმატებულად და საბაზრო გარემოს შეზღუდვის გარეშე.

13 ივნისის სტიქიის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს როლი და ფუნქციები გასაზრდელია და კარგი იქნება, საბჭოს ადგილის ახლებურ გააზრებაში, წამყვანი ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების გამოცდილება იქნეს გაზიარებული და ჩვენს პირობებზე მორგებული", - განაცხადა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.