მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების და ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი სტაბილიზირების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი უცვლელი რჩება

26.06.2015 | ნანახია 1107-ჯერ



მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების და ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი სტაბილიზირების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი უცვლელი რჩება

26 ივნისს „პირველი“–ის პრეს–კლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ ბრიფინგი გამართა თემაზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაიაფებისა და ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მიუხედავად საქართველოში საწვავის ფასი არ იცვლება. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ აგრძელებს საწვავის ბაზრის კვლევას.

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება გასული წლის ივლისის თვეში დაიყწო და 2015–ი წლის იანვარში ბარელი ნავთობის ფასი 48$–მდე დაეცა. იმ პერიოდისთვის მსგავსი გაიაფების მთავარი მიზეზი ნავთობის მოპოვების გაზრდა და მოთხოვნის შემცირება გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი 2014 წლის ყველა კვარტალში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ყოველდღიური მიწოდება აღემატებოდა ყოველდღიურ მოთხოვნას. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ნავთობის ყოველდღიური მიწოდება საშუალოდ 1.9 მლნ. ბარელით გაიზარდა და 93.2 მლნ ბარელი შეადგინა. სწორედ ეს გახდა ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ფასის შემცირებისა. ანუ, 2013  წელთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი 58%–ით იყო შემცირებული, საქართველოში კი ეს შემცირება 15–18%–ს არ აღემატებოდა.“

როგორც ანალიტიკოსმა განმარტა, 2015–ი წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საწვავის რეგულარული კლების ტენდენცია შეჩერდა და საწვავის ფასმა „თამაში“ დაიწყო.

„თუმცა, ეს რყევები არ სცილდებოდა 2–4 დოლარს, სწორედ ეს გახდა საქართველოში საწვავზე ფასის მატების პირველი მიზეზი. ამ პერიოდში საქართველოში საწვავი 3–6 თეთრით გაძვირდა და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი მხოლოდ 15–18 %–ით იყო შემცირებული. სწორედ ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა რყევებს განიცდიდა, ამ ფაქტორით ახსნეს კომპანიებმა და ამ ბიზნესის ლობისტებმა საწვავის ფასში ის 40%–იანი განსხვავება, რომელიც მსოფლიო ბაზარსა და ქართულ ბაზარს შორის არსებობდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ინფლაციის დონე 1.4 % –ს არ აღემატებოდა.

ამ პროცესების შემდეგ ქვეყანაში ლარმა გაუფასურება განაგრძო, რაც რეალურად მართლაც აისახა ბენზინის ფასზე და კომპანიებმაც საწვავის ფასის რეგულარული მატება დაიწყეს. თებერვლის მეორე ნახევრიდან დღემდე საწვავის ფასი საქრთველოში 8– ჯერ შეიცვალა მატების კუთხით და დღეს ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 1.93–2.09 მდე მერყეობს.

მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის ის, რომ რეალურად ამდენად უნდა გაძვირებულიყო თუ არა საქართველოში საწვავი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წლის იანვრის თვეში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 48$–ს შეადგენდა, იანვრის თვიდან მოყოლებული დღემდე ბარელის ფასი 60$–მდე გაიზარდა. ანუ, მსოფლიო ბაზარზე იანვრიდან დღემდე ბარელის ღირებულება 25%–ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 29%–ს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ნიუ–იორკის ბირჟაზე კლების ტენდენცია ფიქსირდება და ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი თითქმის ერთი დოლარით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენციას ემთხვევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაც, რაც ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო საქართველოში საწვავზე ფასის მატებისა.

თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება პიკის დროს 29%–იან ნიშნულს აღწევდა, დღეს სურათი რადიკალურადაა შეცვლილი და ლარის გაუფასურება 19%–მდეა შემცირებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 11.76%–ით არის შემცირებული, ეროვნული ვალუტა კი 9%–ით გამყარდა. ახალგაზრდა ფინასისტები მივიჩნევთ რომ ამ კომპენენტების გათვალისწინებით, საქართველოშიც, როგორც მინიმუმ, უნდა მოხდეს საწვავის ფასების გადახედვა და საწვავი უნდა გაიაფდეს.“ აღნიშნა ბაირახტარმა პრეს–კლუბში სტუმრობისას.