ვინ აპირებს საერთაშორისო გაზსადენის აქციების შესყიდვას

16.08.2011 | ნანახია 173-ჯერ



ვინ აპირებს საერთაშორისო გაზსადენის აქციების შესყიდვას
კოალიცია ევროპული საქართველოსთვის ქართული კომპანიების აქციების ევროპულ ბირჟებზე განთავსებას დადებითად აფასებს

ნოდარ ჭიჭინაძე, აფბას ვიცე-პრეზიდენტი: აქციების ბირჟებზე განთავსება, ბუნებრივია, მისასალმებელია. ოღონდ, თუ ისევ ქართველები და წინასწარ შეთანხმებული აზერბაიჯანელები, არაბები და სხვები არ შეიძენენ ამ აქციებს, როგორც მოარული ხმების თანახმად, ეს ადრე არაერთხელ მომხდარა.
 
კოალიცია ევროპული საქართველოსთვის ქართული კომპანიების აქციების ევროპულ ბირჟებზე განთავსების საკითხს ეხმიანება.

კოალიცია მხარს უჭერს საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო კომპანიის აქციათა პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე სამომავლო განთავსების გადაწყვეტილებას, რაც კოალიციის საბჭოს წევრთა შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაში ახალი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

„ლონდონში ან ვარშავაში „საქართველოს რკინიგზის\", „ნავთობისა და გაზის კორპორაციის\", „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის\" აქციებით ვაჭრობა ამ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მიიზიდოს კერძო ინვესტიციები იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა,\" - განმარტებულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი კომპანიის საერთაშორისო ბირჟებზე კოტირებისთვის საჭიროა ფინანსური აღრიცხვისა და კორპორაციული მართვის სფეროებში მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაბამისად, კოალიციაში მიიჩნევენ, რომ შედეგად გაუმჯობესდება ამ სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტი და მისი ფინანსური მდგომარეობა უფრო გამჭვირვალე გახდება.

„იმედია, საერთაშორისო ბირჟებზე გასვლით საქართველოს მსხვილი სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, დაიკავებენ საკუთარ ღირსეულ ადგილს ისეთ კომპანიათა რიგში, როგორიც არის ნორვეგიული „სტატოილი\" ან ფრანგული „ფრანს ტელეკომი\", რომლებშიც სახელმწიფო სხვადასხვა ზომის პაკეტებს ფლობს,\" - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის წევრები მოვუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადადგას შემდგომი ნაბიჯები სახელმწიფო კომპანიების კაპიტალიდან გამოსვლისა და მასში სახელმწიფოს კერძო ინვესტორებით ჩანაცვლებისკენ - გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის საუკეთესო გარანტიაა