საქართველოში ივლისში ინფლაცია გაიზრდება

19.06.2011 | ნანახია 728-ჯერ



საქართველოში ივლისში ინფლაცია გაიზრდებასაქართველოში ივლისში ინფლაცია გაიზრდება
 
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოშო ინფლაციის მაჩვენებელი ივლისისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. 
როგორც მან \"მედიანიუსს” განუცხადა, ოფიციალური მონაცემებით, მაისის ინფლაციამ 14,3 პროცენტი შეადგინა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტების ფასი 30 პროცენტზე მეტით არის მომატებული, ინფლაცია სინამდვილეში გაცილებით მაღალია. ეს კი, უპირველესად, გაჭირვებულ მოსახლეობას აზარალებს. 
\"არ მართლდება მთავრობის პროგნოზი და განსაკუთრებით, ბაკურ კვეზერელის განცხადებები, რომ ინფლაცია მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისიდან შემცირდებოდა. ეს განცხადებები იმთავითვე ალოგიკური იყო, რადგან გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში პროდუქციის მარაგი ილევა. მოსავალი კი შემოდგომაზე მოდის. შესაბამისად, თუ ინფლაციის შემცირებას ველოდებით, ეს გარკვეულწილად, შემოდგომაზე უნდა მოხდეს. თუმცა რა აძლევს მთავრობას ამგვარი პროგნოზის გაკეთების საფუძველს, ჩემთვის უცნობია, რადგან ინფლაციის შესამცირებლად ძალიან მცირე ღონისძიებები გატარდა”,-აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
ნათქვამის საილუსტრაციოდ მან ის ფაქტი დაასახელა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება არ მომხდარა, რაც ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული მთავარი ღონისძიება უნდა ყოფილიყო. ამასთან, ეროვნული ბანკი, თუ ერთი მხრივ, გარკვეულწილად ფულის მასას ამცირებდა, მეორე მხრივ, ისევ ზრდიდა მას. ამ ქმედებებმა შედეგი ამიტომ არ გამოიღო და ინფლაცია კვლავაც იზრდება. 
მერაბ ჯანიაშვილმა გაიხსენა, რომ ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში 14 პროცენტზე მაღალი ინფლაცია ერთხელ - 2006 წლის ივლისში აღირიცხა, რასაც თანამდებობიდან ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტ რომან გოცირიძის გათავისუფლება მოჰყვა. 
\"აფბა”-ს ხელმძღვანელი დამაიმედებელ პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ ინფლაციის ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ივნის-ივლისში, რადგან ეს თვეები ფასების მაღალი დონით ხასიათდება. ეს კი ზაფხულის სეზონთან, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება და ამაში \"საკუთარი წვლილი ტურიზმსაც შეაქვს”. მისი თქმით, პროცესის ხელშემწყობი სოფლის მეურნეობის ის ღონისძიებებიც იქნება, რომელთა შედეგადაც გარკვეულ ბაზრებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილ ვითარებას, ის ამ ეტაპზე საქართველოზე გავლენას არ ახდენს. 
\"იქ კონკრეტული პროდუქტის გაძვირებას არ შეუძლია საქართველოში ფასების საერთო დონე გაზარდოს. ინფლაცია ქვეყნის შიდა პრობლემაა და მას მთავრობის არასწორი პოლიტკა იწვევს”-აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მხრიდან ინფლაციის შემცირების სურვილს ჯერჯერობით ვერ ხედავს.