შოთა გულბანი: სებ–მა ლარის გამყარების პროცესი არ უნდა შეაფერხოს

19.04.2016 | ნანახია 1675-ჯერ



შოთა გულბანი: სებ–მა ლარის გამყარების პროცესი არ უნდა შეაფერხოს

ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა დოლართან მიმართებაში, რაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში კითხვებს ბადებს, არის ეს კარგი თუ ცუდი? ცხადია, ამ პროცესს თან სდევს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობის უმრავლესობისთვის. განვითარებულ სამყაროში ეკონომიკის სიჯანსაღე მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს, თუმცა საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა, ეკონომიკა იზრდება მოსახლეობის 10%–ის მფლობელობაში არსებული ბიზნესების ხარჯზე. უთანასწორობის მსგავს სიტუაციაში, სავალუტო რყევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების მსყიდველობით უნარზე, შესაბამისად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის გამყარება უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ზიანის მომტანი. განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ვალუტის ცვალებადობაზე მოქმედებს:

მოთხოვნა მიწოდების კანონი

საინტერესოა კონკრეტულად რა იწვევს ეროვნული ვალუტის მერყეობას და მის ცვალებადობას დოლართან მიმართებაში? ინფლაციის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, არსებობს კიდევ მრავალი ცვლადი, რაც აყალიბებს ქვეყნის ეროვნული ვალუტის ღირებულებას სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებაში. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ვალუტის ღირებულების ცვლა დამოკიდებულია მოთხოვნა–მიწოდების კანონებზე, შესაბამისად უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რაც მოთხოვნასა და მიწოდებაზე ახდენს გავლენას, საბოლოო ჯამში კი მომხმარებლის მსყიდველობით უნარზე.

ინფლაცია

ინფლაციის განაკვეთის მიხედვით განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთები. ხოლო ეს უკანასკნელი როგორც წესი გავლენას ახდენს ქვეყანაში შემომავალ და გამავალ საერთაშორისო კაპიტალზე. თუ ინფლაცია მუდმივად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, როგორც მაგალითად ჩვენი ქვეყნის ბოლო პრაქტიკა ამაზე მეტყველებს, ცენტრალური ბანკი იძულებულია გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, ანუ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

მაღალი საპროცენტო განაკვეთები სტიმულირებას ახდენს უცხოელი ინვესტორების რაოდენობაზე და მათ კაპიტალზე, რაც იწვევს ქვეყნის ეროვნული ვალუტის მოთხოვნის ზრდას, ხოლო მყარი ვალუტა თავის მხრივ ამცირებს ფასებს იმპორტირებულ პროდუქციაზე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამ კუთხით ლარის გამყარება კარგია.

სების მონეტარული პოლიტიკა

ინფლაციისა და დეფლაციის რისკების თავიდან ასაცილებლად, ასევე ჯანსაღი ეკონომიკის შესანარჩუნებლად, მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარი ეროვნული ვალუტის მართვას საპროცენტო განაკვეთების ზრდით, ან შემცირებით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ექს–პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პერიოდში, ხშირად ისმოდა კრიტიკა მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ასევე სავალუტო რეზერვების ხარჯვის თანმიმდევრულობაც იყო განხილვისა და მსჯელობის საგანი. თუმცა რაც იყო წარსულში დარჩა, ახლა საინტერესოა სებ–ის პოლიტიკა ახალი მმართველის პირობებში, მართალია ბევრი დრო არ გასულა, რაც ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ყავს, მაგრამ, 14 აპრილს გამართული სავალუტო აუქციონის შედეგად, სადაც სებ–მა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, იკვეთება სებ–ის წინა მმართველის დამოკიდებულების გაგრძელება, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ინტერესი მეორე პლანზეა.

იმ ფონზე, როდესაც საბანკო სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 64,6%–ია, რა უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის? მოსახლეობის ინტერესები, რომლებსაც ვალდებულება დოლარში აქვთ და ლარის მცირედი გამყარებაც კი მათთვის დიდი შვებაა, თუ ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, რაც თავისი წონითი პრობლემით აშკარად ჩამორჩება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მინიმუმ შენარჩუნების მნიშვნელოვნებას. სებ–მა კი, ბოლო სავალუტო აუქციონით შეაფერხა ლარის გამყარების პროცესი. თავისთავად ცხადია ექსპორტის ზრდა არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია საერთო ეკონომიკური ფონის გაუმჯობესების პროცესში, თუმცა ეროვნული ბანკი პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს დაზარალებულ მოქალაქეზე.

შიდა ფაქტორები, რაც ამყარებს ლარს

თანამედროვე მსოფლიოში, ეროვნული ვალუტების სიმყარე და მისი სტაბილურობა დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე. ამ კუთხით საქართველო გარკვეულწილად გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ეროვნული წარმოების დონე მიმდინარე ეტაპზე საკმაოდ სუსტია, გარკვეული გააქტიურება შეინიშნება ევროკავშირის ბაზრებზე წმინდა ექსპორტის ზრდის კუთხით მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, თუმცა არასაკმარისი ნედლეულისა და ხარისხის სტანდარტების არ არსებობის გამო, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ქართული მხარე ჯერ ვერ სარგებლობს სათანადოდ. საჭირო არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩამოყალიბება რაც შეიძლება მრავალ ქვეყანასთან, პარალელურად კი ეროვნული წარმოების პოტენციალის გაძლიერება, ეს კი პირდაპირ იქნება დაკავშირებული სავალუტო რყევების დროს ქვეყნის მდგრადობაზე.

შოთა გულბანი

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციააფბასპრეზიდენტი