აფბა: ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია

13.07.2016 | ნანახია 1557-ჯერ



აფბა: ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ პროგრამას აფასებს. აფბას ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ენმ-ს ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია და პოპულისტური განცხადებებითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ძირითადი აქცენტი გადასახადების შემცირებაზე, დასაქმების ზრდაზე და სოციალური დახმარებების გაზრდაზეა გაკეთებული, თუმცა ამ დაპირებებს თან არ ერთვის ეკონომიკური გათვლები.

ენმ-ს განცხადებით, მათი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაპირება ნერბისმიერი მოქალაქისთვის მისასალმებელია, თუმცა რამდენად რეალისტურია და შეძლებს თუ არა ენმ-ს ეკონომიკური გუნდი ამის განხორციელებას ეს უკვე სხვა საკითხია. ინფორმაციისთვის,  2015 წლისათვის საქართველოში 241 ათასი უმუშევარი გვყავს. ენმ-ს პროგრამით 2017 წელს 45, ხოლო მომდევნო 3 წელიწადში კიდევ 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმენება, რაც უხეში გათვლებით უმუშევართა რაოდენობის 241-დან 106 ათასამდე შემცირებას ნიშნავს. ანუ, უმუშევრობა მომდევნო 4 წელიწადში 56%-ით შემცირდება და თუ 2015 წელს ის იყო 12%, ენმ-ს გათვლებით 2020 წელს 5%-მდე შემცირდება, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი საოცნებო მაჩვენებელია.

რაც შეეხება გადასახადების კლებას, იგივე საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15%-მდე, ეს საბიუჯეტო შემოსავლების 500 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს, რასაც ასევე დაემატება 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც ასევე 500 მილიონის დანაკლისს გამოიწვევს ბიუჯეტში. ამას თუ დავუმატებთ, 25%-ით აქციზის გადასახადის შემცირებას ნავთობპროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე გადასახადის გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე, ბიუჯეტის შემოსავლები კიდევ 1 მილიარდი ლარით შემცირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზედა ზღვრის აწევა 100-დან 200 ათასამდე მეტ თანხას კი არ ტოვებს ეკონომიკაში, არამედ პირიქით ეკონომიკიდან ბიუჯეტში მეტი თანხების შედინებას იწვევს. ეს ყველა აუდიტორმა იცის.

 

გადახასადების შემცირება მისასალმებელია, ისიც, რომ სახელმწიფო აპარატის ხარჯების შეკვეცის პირობას დებენ, თუმცა ამის პარალელურად დიდი მოცულობის სოციალური დაპირებების გაცემა, რბილად, რომ ვთქვათ არარეალურია. ანუ, ორივე ერთად, გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სოციალური ხარჯების გაზრდა წარმოუდგენელია. თუნდაც მხოლოდ პენსიის გაზრდა 50 ლარით დაახლოებით 450 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯია, ამასთან სოციალურად დაუცვლეთათვის დახმარებების ზრდა კიდევ მეტ ხარჯს ნიშნავს.

რამდენად რეალისტურია ნაციონალური მოძრაობის დაპირებების შესრულება ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. სამწუხაროდ, პროგრამა წარმოდგენილია სლოგანების სახით და თან არ ერთვის ამა თუ იმ დაპირების ეკონომიკური ანალიზი. ანუ, რა გათვლებით არის ესა თუ ის დაპირება გაკეთებული. თუმცა უხეში დათვლებითაც კი საეჭვო ხდება იმ სოციალური დახმარებების გასტუმრება, რასაც ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას პირდება.