„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება

30.09.2016 | ნანახია 1369-ჯერ



„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება

მიმდინარე წელს პარლამენტში ინიცირებულ იქნა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორც სხვადასხვა სახის აკრძალვების ისე თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზიის შემოღების კუთხით. კანონპროექტი პარლამენტში შესვლის დღიდან გახდა განსჯის საგანი. შედეგად მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი პირველი მოსმენით განხილვაც არ მომხდარა, კანონპროექტის ავტორებმა უკვე რიგ ცვლილებებზე უარი თქვეს. არასმთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა საკითხის შესწავლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არამხოლოდ კანონპროექტის არამედ ზოგადად ამ კუთხით მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

უნდა აღნიშნოს, რომ 2013 წელს მთავრობამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის შესახებ სტრატეგია, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ყოველწლიურად იმისათვის, რომ საქართველოში მწეველთა რაოდენობა შემცირდეს. სტრატეგიაში გაწერილი იყო, როგორც სხვადასხვა სახის აკრძალვები და შეზღუდვები, ისე აქციზის გადასახადის ზრდა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პიარ აქციები, რომელთაც საგანმანათლებლო დატვირთვა ექნებოდა. სამწუხაროდ, ყოველმხრივ მოწონებული სტრატეგია თაროზე იქნა შემოდებული და მას შემდეგ ფრაგმენტულად ხდება რაღაც ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, დაუსაბუთებლად იზრდება აქციზის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ამას შედეგი არ მოაქვს თითქმის ყოველწლირად ძვირდება სიგარეტი. წელს უკვე კანონპროექტის ინიცირებაც მოხდა პარლამენტშიც, რომელიც საერთოდ ცდება სტრატეგიაში გაწერილ ქმედებებს.

საერთაშორისო ვალდებულებები

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკაშირთან დაახლოების გზაზეა ჩვენ ქვეყანაში ხშირად ამა თუ იმ საკითხების გაპიარება ხდება, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნა ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ვალდებულება, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ცვლილებების დასაბუთების აუცილებლობა. თაბმაქოს სფერო სწორედ ერთ-ერთია, რა მიმართულებითაც ხშრირად ისმის მსგავსი განცხადებები, რომ სიგარეტზე აქციზის გაზრდა სწორედ იმიტომ ხდება, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ხელმოწერილი ჩარჩო კონვენცია იძლევა თამბაქოს კონტროლის კუთხით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა რატომღაც საქარველოში მათი გაჟღერება საპირისპიროდ ხდება. საქართველო ამ ჩარჩო კონვენციას 2006 წელს მიუერთდა სადაც სხვადასხვა რეკომენდაციებია გაწერილი, თუმცა ეს ქვეყნის გადასაწყვეტია დანერგავს მათ პრაქტიკაში თუ არა.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აქაც ცალსახადაა ევროკავშირის პოზიცია წარმოდგენილი. ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა პერიოდში და რა რაოდენობით მოხდება თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდა იმ დონემდე, რომ გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტს. მაგალითად, ევროპაში ქვეყნები რომლებმაც აქციზის რეფორმა ბოლოს დაანონსეს ბულგარეთი და რუმინეთი იყო, რომელთაც 15 წლიანი პერიოდი მოითხოვეს ამ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ანუ, ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, რამდენ წელიწადში რა პერიოდულობით უნდა გაიზარდოს თამბაქოზე აქციზი ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად. ამის მიუხედავად, მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ საქართველო 8 წელიწადში შეძლებს ამ პროცესის წარმართვას. შედეგად, მოსალოდნელია, რომ შეიქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, საცალო ქსელში სიგარეტი 2-ჯერ და მეტჯერ ძვირი ეღირება ვიდრე ჩვენთან, რაც გზას გაუხსნის კონტრაბანდას. მითუმეტეს, თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეისათვის საქართველოში სიგარეტი სომხეთთან შედარებით უკვე 25%-ით ძვირია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მსგავი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ყველა ფაქტორის გათვალისიწნებით და კარგად აწონვის შედეგად და არა იმისდა მიხედვით, როდესაც ბიუჯეტში დეფიციტი იზრდება და არ იცის მთავრობამ საიდან დააფინანსოს გარღვევა. ყოველგვარი წინასწარ დაგეგმვის გარეშე სპონტანურად ხდება, როგორც თამბაქოს პროდუქციაზე ისე ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის ზრდა.

აკრძალვებირომელსაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა, გარე რეკლამების სრული შეზღუდვა, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვა იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის. ეს ყველაფერი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში. როდესაც საუბარია, გარე რეკლამის აკრძალვაზე ყველა თანხმდება, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს შემოდგომით, როგორც ეს არის დაგეგმილი და 1 თვეში მისი შეზღუდვები ამოქმედდეს. მითუმეტეს თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ გარე რეკლამების კომპანიების შემოსავლის 55% სწორედ თამბაქოს პროდუქციაზე მოდის. ანუ, მინიმუმ ამ ფირმებს უნდა მიეცეთ 1 წლიანი ვადა, რათა არსებული კონტრაქტები დამთავრდეს და უკვე გაკეთებული ინფრასტრუქტურის გადაყრა არ მოუწიოთ.

რაც შეეხება თამბაქოს მაღაზიებს, რომლებიც საავტომობილო გზებთან ახლოსაა განლაგებული. აკრალვებით ისინი უბრალოდ დაიხურებიან და ამ ბიზნესებსაც უნდა მიეცეთ დრო, რომ მოახდინონ ლიკვიდაციის პერიოდში მუშაობა და სხვა ადგილზე გადასვლა.

ასე რომ, კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების სრულად ამოქმედება მისი დამტკიცებისთანავე მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს, როგორც ამ ბიზნესში ჩართულ მეწარმეებს, ისე უმუშევრად დატოვებს მრავალ ადამიანს. ამიტომ, ყველა რეგულაციის მიღებას თან უნდა ახლდეს ადეკვატური დროის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ახალი თამაშის წესებისადმი ადაპტაცია.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებზე, რომლებიც რესტორნებსა და სასტუმროებს დაუწესდებათ. კანონპროექტის თანახმად კაფეებსა და რესტორნებს უწედებათ მოთხოვნა, რომ შექმნან სპეციალური მოსაწევი ადგილები, რომელიც მთელი ფართის 20%-ზე ნაკლები უნდა იყოს და ამასთან იზოლირებული დანარჩენი დაწესებულებისგან, სპეციალურად ქუჩაში გამავალი ფანჯრით და კონდიცირებით. ამდაგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა რა თქმა უნდა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც ამ მეწარმეებმა ისევ მომხმარებლების ჯიბეებიდან უნდა ამოიღონ. შედეგად მოუწევთ სხვადასხვა მოსახურებისა თუ პროდუქციის გაძვირება. რითაც ისევ და ისევ რიგითი მომხმარებელი დაზარალდება. ანუ, თუ ჩვენ რესტორანს მოვთხოვთ, რომ 1 წელიწადში ამ რეგულაციის თანახმად გადააკეთოს მისი შენობა უფრო მეტად მოუწევს მომსახურების გაძვირება, ვიდრე მაგალითდ ორ წელიწადში. ამასთან აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ყველა ბარი თუ რესტორანი ვალდებულია, რომ მისი ფართის 50% იყოს არამწეველთა ადგილი. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ რეგულაციას საქართველოს მასშტაბით 100-დან ერთი რესტორანი თუ აკმაყოფილებს. ანუ, აქ ჩნდება მეორე პრობლემა - მიღებული რეგულაციის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. რადგან არ არსებობს მექანიზმი, თუ ვინ და როგორ უნდა გააკონტროლოს მსგავი ტიპის დაწესებულებები, თუ რამდენად იცავენ ისინი ამ ნორმას, შესაბამისად ის ფაქტობრივად არ სრულდება. სწორედ იგივეს მოასწავლებს ამ ფართის 50-დან 80%-მდე გაზრდა. ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ რესტორნებს ფართის 50% არამწეველთა ადგილად გამოაყოფინოს, როგორ უნდა მოახერხოს ამის აღსრულება, როცა ნორმა 80%-მდე გაიზრდება?! არც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ რეგულაციის აღსრულების მექანიზმებს. შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია, რა აზრი აქვს ისეთი რეგულაციის შემოღებას, რომლის პრაქტიკაში იმპლემენტაცია ვერ მოხდება?! თუ მაინც და მაინც ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს გამოვყოფთ და შევქმნით რაიმე ორგანოს, რომლის ფუნქციაც ამის გაკონტროლება იქნება, როგორ უნდა მოხდეს ეს. რამდენიმე სახელმწიფო მოხელე ივლის რესტორნიდან რესტორანში და დაიწყებს ამ დაწესებულების ფართის აზომვას, რათა დაადგინოს ზუსტად 80%-ია არამწეველთა ადგილი თუ 78%?!

აფბას მიაჩნია, რომ ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზაციების ინფრასტრუქტურაში აუციელბლად დროში გაწელილი უნდა იყოს. ამასთან არ უნდა მოხდეს ისეთი მოთხოვნების დაწესება, რომელთა აღრულებასაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შეძლებენ. ან მოფიქრებულ უნდა იქნას კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომელიც კანონპროქტში წარმოდგენილი არ არის. პირიქით, კანონპროექტში საუბარია, რომ არ მოხდება რაიმე ახალი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და ბიუჯეტიდან რაიმე თანხების ხარჯვა კანონპროექტის იმპლემენტაციაზე.

დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იქმნება ტრანსპორტის შემთხვევაშიც. ახალი კანონპროექტით მოწევა უნდა აიკძალოს სამარშუტო ტაქსებში, იახტებზე, ავტობუსებსა და კერძო ტაქსებში. პირველი, სამარშუტო ტაქსებსა და ავტობუსებში მოწევა უკვე აკრძალულია და მგზავრები არც მოიხმარნენ იქ თამბაქოს, თუმცა მძროლები ეწევიან და რატომღაც არც არავინ აკონტროლებს ამას. და მეორე, ვინ უნდა გააკონტროლოს იახტებზე და კერძო ტაქსებში სიგარეტის მოწევა უბრალოდ გაუგებარია. აქ კიდევ ერთხელ მივდივართ იმ საკითხთან, რომ აზრი არ აქვს ისეთი რეგულაციის დაწესებას, რომლის პრაქტიკაში დანერგვა წარმოუდგენელია, სწორედ ასეთად გვეჩვენება იახტებზე და კერძო ტაქსებში მოწევის აკრძალვა.

ლიცენზირება და ხილვადობის შეზღუდვა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ კანონპროექტის ყველაზე სახიფათო მუხლი ესაა თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზირების შემოღება და თამბაქოს პროდუქციის ხილვადობის შეზღუდვა, რასაც არამხოლოდ ეკონომიკური არამედ სოციალური დატვირთვაც ექნება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანხმად იგეგმება თამბაქოს რეალიზატორთა ლიცენზირება.  თუმცა საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და საერთოდ რა არის აზრი ქვეყანაში ამ ნორმის დარენგვის. თუ ლიცენზირების ნორმები რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს მას (საუბარია მცირე სუპერ მარკეტებსა და მაღაზიებზე) და ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. შედეგად მხოლოდ მსხვილი მეწარმეები აიღებენ ლიცენზიას და ისარგებლებენ ბაზარზე კონკურენციის მკვეთრი შემცირებით. მეორე შემთხვევაში, თუ ლიცენზირების ნორმები იქნება ადვილად დასაკმაყოფილებელი და ყველა შეძლებს მის მიღებას, რა აზრი აქვს ასეთი რეგულაციის შემოღებას?! ეს იქნება მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღება უაზრო ლიცენზიის გამო. მითუმეტეს, კანონპროექტით განსაზღვრულიც კი არაა რა უნდა იყოს ამ ლიცენზირების მიზანი. ამასთან, როგორც ეკონომისტებისთვის ცნობილია ლიცინზიების სისტემა კორუფციის მთავარი წყაროა სახემწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას. გაუგებარია, რატომ უნდა დაუწესდეთ თამბაქოს რეალიზატორებს ლიცენზიები, თუ ამის საჭიროება არ არსებობს. რაიმე სპეციალური ცოდნა ჭირდება თამბაქოს გაყიდვას, თუ მისი შენახვისას საჭიროა განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის არსებობა?!

გარდა ამისა ახალი კანპონპროექტით, თამბაქოს რეალიზაცია არ უნდა იყოს ხილული და მისთვის დახურული ყუთები უნდა გამოიყენონ სარეალიზაციო დაწესებულებებში, მათ შორის ჯიხურებში, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. როდესაც შენ ხარ ფინეთის ხელისუფალი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ აღემატება საქართველოსას, ან შვედეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკაა მსგავსი ტიპის რეგულაციას უმტკივნეულოდ გაატარებ. მითუმეტეს ამ ქვეყნებში გარე ვაჭრობა საერთოდ არ არსებობს, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არაა. ანუ, მოსახლეობას არ უჭირს სოციალურად იმდენად, რომ ქუჩაში დადგეს სხვადასხვა პროდუქციის გასაყიდად. თუმცა, როდესაც საუბარია საქართველოზე, სადაც გარე ვაჭრობა მოსახლეობის საკმაო ნაწილისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა და გარე მოვაჭრეების დიდი ნაწილი სწორედ თამბაქოს რეალიზაციით ირჩენს თავს, ზემოაღნიშნული რეგულაციის შემოღებას არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ სოციალური დატვირთვაც გააჩნია. მარტივად, რომ განვმარტოთ, ლიცენზიის დაწესებით და თამბაქოს ხილვადობის აკრძალვით ყველა გარე მოვაჭრე, რომელიც თამბაქოს პროდუქციას ყიდის უნდა დაჯარიმდეს, ეს კი საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. რადგან არ შეიძლება რეგულაციებით მცირე და საშუალო მეწარმეები გავაკოტროთ და პირიქით მსხვილები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

აფბა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კარგად აწონ დაწონონ ის შედეგები, რაც მსგავი ტიპის რეგულაციებს შეიძლება მოჰყვეს. ლიცენზირება და თამბაქოს ხილვადობის შეზღუდვა პირველ რიგში მცირე მეწარმეებს ურთულებს ცხოვრებას, ზოგიერთს საერთოდ გააკოტრებს, რითაც მსხვილი ბიზნესი ისარგებლებს. ქვეყანაში სადაც მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელ ბიზნეში 15% უჭირავთ, ხოლო მსხვილ ბიზნეს 85% ძალიან არასწორია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი საუკეთესო დამსაქმებელია და ამ სფეროს შეზღუდვა, უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

თამბაქოს კონტროლის ეკონომიკური მხარე

ზეგავლენა ბიუჯეტზე

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი ძალიან სუსტია ეკონომიკური კუთხით შეფასებისას. კანონპროექტში ფაქტობრივად არაა წარმოდგენილი მოსალოდნელი რეგულაციების ფინანსური ანალიზი. თუ რა შედეგი მოყვება ამა თუ იმ ნორმის დანერგვას, როგორც ბიუჯეტის, ისე ეკონომიკისათვის. ის მწირი ციფრები კი რაც წარმოდგენილია ეყრდნობა ვარაუდებს. აფბა მიიჩნევს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რეგულაციები, როგორიცაა ლიცენზირება, თამბაქოს ხილვადობის შეზღუვდა, რესტორნებისთვის ფართის 80%-ის არამწეველთა ადგილად გადაკეთება და ა.შ. მოითხოვს დეტალურ ფინანსურ ანალიზს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ რომელ რეგულაციას რა შედეგები მოჰყვება. კანონპროექტი არ არის გაანალიზებული სამუშაო ადგილების კუთხით, რადგან ახალი რეგულაციებით შემცირდება დასაქმება, უმეტესწილად მცირე მეწამრეების გაკოტრების შედეგად. ასევე გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯების გამო.

აქციზის გადასახადი

ბოლო 3 წელიწადში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან მოყოლებული, თამბაქოს პროდუქტებზე, როგორც ფილტრიან ისე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა 4-ჯერ მოხდა, შედეგად ამ პერიოდში სიგარეტის საცალო რეალიზაციის ფასი გაორმაგდა. მიუხედავად ამისა გადასახადის განაკვეთის ზრდამ და თამბაქოს გაძვირებამ სიგარეტის მოხმარების შემცირება არ გამოიწვია.

თამბაქოზე აქციზი ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა.

2016 წლის 1 იანვრიდან სააქციზო განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) 0,20 ლარით გაიზარდა და 1,10 ლარი შეადგინა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ცალი) — 0,05 თეთრით და 0,30 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 5-დან 10%-მდე გაიზარდა პროპორციული განაკვეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის (20 ცალი) აქციზზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ე. წ. „შერეული სისტემა“ ამოქმედდა. აქციზი თამბაქოს ნაწარმზე როგორც რაოდენობითა და წონით, ასევე საცალო გაყიდვის ფასის შესაბამისად განისაზღვრება. ე.წ. შერეული სისტემის“ თანახმად ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის მთავრობის მიერ დადგენილი %-ის ჯამი.

მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა. ერთი კოლოფი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გაიზარდა 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი - 15 თეთრიდან 20 თეთრამდე. მას შემდეგ კიდევ სამჯერ მოხდა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა 2015 წლიდან შემოვიდა აქციზის გადასახადის პროპორციული განაკვეთი და ის ერთი კოლოფი სიგარეტისთვის 5%-ით განისაზღვრა, თუმცა ერთ წელიწადში გაორმაგდა და დღეისათვის ის 10%-ს შეადგენს.

შედეგად, ბოლო სამ წელიწადში ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 1,10 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე  - 15 თეთრიდან 30 თეთრამდე გაიზარდა. ანუ, არსებული აქციზის გადასახადის განაკვეთი გაორმაგდა და ამას დაემატა ახალი პროპორციული აქციზის განაკვეთი, რომელიც 10%-ს უტოლდება. 

გადასახადის გაზრდის მიზანიად თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება სახელდება. თუმცა, თუ გადავხედავთ რა შედეგები მივიღეთ აქციზის გადასახადის ზრდით დავრწმუნდებით, რომ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების იდეით განხორციელებულმა პოლიტიკამ სულ სხვა შედეგები მოიტანა.

საქათველოში მწეველთა რაოდენობის ყოველწიური სტატისტიკა სამწუხაროდ არ წარმოებს, თუმცა მოხმარების რაოდენობის გაგება რეალიზებული სიგარეტის ოდენობით შეგვიძლია დავინახოთ. ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.  მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა მცირე კლება 2014 წელთან შედარებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ. დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო თუ 2012 წლის მონაცემებს (სანამ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა დაიყებოდა) შევადარებთ 2015 წლისას დავინახავთ, რომ თამბაქოს იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. ანუ, ბოლო 3 წელიდაში აქციზის გადასახადის გაორმაგებამ, შედეგად საცალო სიგარეტის ფასის ორჯერ ზრდამ მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ პირიქით გაზარდა.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიგარეტზე გადასახადების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს ან მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ეკონომისტებმა იციან, რომ სიგარეტი ფასის მიმართ არალერევანტური პროდუქტია და მისი გაძვირება, მოხმარების შემცირებას კი არ იწვევს, როგორც ეს სხვა პროდუქციის შემთხვევაში ხდება, არამედ მწეველი, რომელსაც გაძირებული სიგარეტის ყიდვა ურთულდება უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე გადადის.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან თამბაქოს პროდუქციის ამოღება

ბოლო პერიოდში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის პარალელურად აქტიურად მიდის საუბრები თამბაქოს პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან ამოღების შესახებ. ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურება მსგავსი ტიპის ქმედებები, რადგან ამით სარგებელს ჩვენი ქვეყანა ვერცერთი კუთხით მიიღებს.

თავისუფალი ვაჭორბის ხელშეკრულებიდან თამბაქოს ამოღება გამოიწვევს:

- პირველი, იმპორტის შემთხვევაში თამბაქოს პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში იმპროტის გადასახადი 12%-ია, შედეგად მოხდება საცალო სიგარეტის ფასის დაახლოებით 20%-ით ზრდა, რადგან უკვე 12%-ით გაძირებულ თამბაქოს პროდუქტზე მოხდება აქციზის 10% პროპორციული გადასახადის დამატება. ზემოთ უკვე აღინიშნა, თუ რა შედეგები მოგვცა თამბაქოს გაძირებამ და მოხმარების შემიცრების ნაცვლად პირიქით მისი ზრდა გამოიწვია. შესაბამისად ეს ნაბიჯი ქართველ მომხმარებელს მძიმედ დაარტყამს;

- და მეორე, ექსორტის შემთხვევაში საქართველოდან გატანილი პროდუქცია სერიოზულ ზიანს მიიღებს. ქართველ მწარმოებლებსა თუ საქართველოდან სიგარეტის ექსპორტიორებს სურვილი გაუქრებათ ჩვენი ქვეყნიდან პროდუქციის გატანის, რადგან ის კონკურენტებთან შედარებით უფრო ძვირი დაჯდება საიმპორტო გადასახადების გამო. შედეგად ქვეყნიდან თამბაქოს ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდება, რაც კიდევ რამოდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს შეამცირებს. თუ გავითავლისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მწარმოებელმა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო, საქართველოში სიგარების საწარმოებლად და შემდეგ საექსპორტოდ, გაუგებარია სახელმწიფო ერთის მხრივ ხელს უწყობდეს რაიმე სახის ადგილობრივ წარმოებას და მეორეს მხრივ ხელს უშლიდეს მის განვითარებას.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. პირველ რიგში რიგი რეგულაციებისა საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული ან ისეთი დოზით, რომ საზოგადოება ნაკლებად დაზარალდეს. ამასთან კანონპროექტს აკლია ფინანსური კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტას მისი ამ სახით მიღება. შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, თუმცა კანონპროეტში არც ის ჩანს, თუ რა ზარალს მიიღებს მის შედეგად ეკონომიკა, ბიუჯეტი და მთლიანად ქვეყანა. ამასთან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტში არის რიგი რეგულაციები, რომელთა ამოქმედებას გონივრული ვადა უნდა მიეცეს. არ შეიძლება რაიმე ნორმა დაწესდეს კანონის მიღებიდან ერთ თვეში, როცა ის კერძო ბიზნესთანაა დაკავშირებული. და ბოლოს, კანონპროექტში არის ბევრი რეგულაცია, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა წარმოუგენელია ან კანონპროეტის ავტორებს წარმოდგენილი არ აქვთ ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმები, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის.

აფბა მიიჩნევს, რომ მსგავსი ხარვეზებით კანონპროექტის მიღება დაუშევებელია და აუცილებებლია მისი განხილვა მოხდეს ბიზნეს, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის. რათა ზუსტად წარმოჩინდეს ამა თუ იმ სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე ის ნიუანსები, რაც მოჰყვება მსგავსი ტიპის კანონის მიღებას.

ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ ჩვენ რეალურად გვინდა მწეველთა რაოდენობის შემცირება, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი პოლიტიკის განხორციელებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და არა პროდუქციის გაძვირებით, რაც წინასწარ ცნობილია, რომ შედეგს არ მოიტანს ან/და გაუგებარი რეგულაციების დაწესებით, რომელიც მხოლოდ ზიანს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“