„აფბა“ გენგეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შესწავლას იწყებს

16.02.2018 | ნანახია 1089-ჯერ



„აფბა“ გენგეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შესწავლას იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-მ დაიწყო კვლევა, რომლის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაიების შემუშავებაა.

მაღალი საჯარო ინტერესის და ასევე ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის(მგგ) მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დოკუმენტში, რომელიც საბოლოო ვერსიის სახით ჩაბარდება დედაქალაქის მერიას, ნათლად იყოს გათვალისწინებული ის ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები, რაც დაკავშირებულია  ერთი  მხრივ   იმ ფინანსურ ხარჯებთან, რაც ითვალისწინებს გარკვეული ზონების დემონტაჟს, ხოლო მეორე მხრივ მესაკუთრეთა უფლებების დაცვასთან.

„აფბა“-ს მიერ პირველადი მოკვლევის საფუძველზე, მერიაში წარდგენილ დოკუმენტში არ არის განხილური ქალაქის ეკონომიკური ცენტრების განვითარების საკითხები, სხვადასხვა ფუნქციის და შინაარსის საწარმოების მოწყობის და ფუნქციონირების პრინციპები. სატრანსპორტო კვანძების განვითარების, რეკრეაციული ცენტრების მოწყობის და სხვა საკითხები განხილურია არაკომპლექსურად. არ არისSWOT ანალიზი. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის რეალურადაა აცდენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან, რამაც სამომავლოდ შესაძლოა შეანელოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა. გარდა ამისა მგგ-თი წარმოდგენილი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს ამ სეგმენტის გაძევებას ეკონომიკური აქტივობებიდან და არსებული მოთხოვნა გადანაწილდება შედარებით მსხვილ ბიზნესზე.

წარმოდგენილი რეკომენდაციების დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას, ვინაიდან სამუშაოს და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მხრიდან საბაზრო მოთხოვნა მინიმუმამდე შემცირდება.

შესაბამისად, „აფბა“ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია და არ ითვალისწინებს

მოსალოდნელ უარყოფით ეფექტებს, რისთვისაც საჭიროა დამატებითი კვლევების განხორციელება, იმისათვის, რომ ნათლად გამოიკვეთოს ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები.