გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

21.02.2018 | ნანახია 800-ჯერ



გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას.

კვლევის ამ ეტაპზე ჩვენი შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.

საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული ხარვეზებისა და დარღვევების უამრავი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მაღალბიუჯეტიანი ტენდერების გამარჯვებული კომპანიების მხრიდან პროექტების თვითნებურ და ხშირ შემთხვევაში უკანონო ცვლილებებთან და გზების დეპარტამენტის გაუგებარ უმოქმედებასთან, გზების ხარისხის შეუსაბამობასთან საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან შეუსაბამო მაგისტრალების მშენებლობასთან.

ჩვენ ღია წერილებით მივმართეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია საზოგადოებასთან საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი მილიარდობით თანხების სწორ და მიზნობრივ განკარგვაზე, მივმართეთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, რომლის უშუალო ვალდებულებაა საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, მივმართეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს, რომლის საქმიანობაც სრულად არის დაკაშირებული გზების დაგება-მშენებლობასთან, მივმართეთ მსოფლიო ბანკსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს და მივუთითეთ თაღლითობის პოტენციურ და არსებულ სისტემურ პრობლემებზე.

გვაქვს გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო საქართველოს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებული პირებიდან ჯერ მხოლოდ ბატონი გიორგი სეთურიძის პასუხი მივიღეთ საზოგადოებრივი რადიოდან, სადაც მონაწილეობა ეთერის დაწყებიდან 3 წუთით ადრე შემოგვთავაზეს.

ბატონ გიორგი სეთურიძის გზავნილი არის მარტივი და გასაგები: ის იღებს პასუხისმგებლობას საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობაზე და გვთავაზობს, რომ ვენდოთ მას სიტყვაზე ტენდერით განსაზღვრულ პროექტებში ცვლილების სავალდებულო ექსპერტიზის არჩატარებისა და გზების მშენებლობაზე ნებართვების არარსებობის მიუხედავად (არადა, საპირისპირო წერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. იხილეთ მე-13 თავის 62-ე და 63-ე მუხლების„პ“ ქვეპუნქტი, 64-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი, 27-ე მუხლი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5014)

ბატონ გიორგის კეთილგანზრახვასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არც ჩვენ შეგვიტანია და არც საჯარო სამსახურის ბიუროს, როცა გზების დეპარტამენტის ახლადდანიშნული თავმჯდომარის დეკლარაციას იღებდა.

დეკლარაციის გაცნობამდე, ჩვენ უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ გზების დეპარტამენტისთავმჯდომარე სანდო პიროვნებაა, მისი სიტყვაზე ნდობა შეიძლებოდა და 2020, ანუ საპარლამენტო არჩევნების, წლისთვის საქართველოს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნებოდა.

თუმცა, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, ვიდრე მანამდე გვქონდა.

აღმოჩნდა, რომ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს 2016 წლის დეკლარაციაში არ აქვს მითითებული კომპანია(https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/28375), რომლის დირექტორიც ის იყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 9 მარტამდე.

კომპანიის დასახელებაა შპს „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი“.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თავდაპირველად ამ კომპანიის დასახელება იყო შპს აგრო კონსალტინგ გრუპი (დაფუძნდა 2010 წელს). კომპანია დააფუძნა შპს „საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც გიორგი სეთურიძეა.

2012 წლის 22 ნოემბერს შპს „აგრო კონსალტინგ გრუპი“ სახელწოდებას იცვლის და რეესტრის ჩანაწერის მიხედვით ხდება შპს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი.

კიდევ ერთი ცვლილება ხდება 2013 წლის 7 თებერვალს: სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, იცვლება კომპანიის დამფუძნებელიც. უცვლელია მხოლოდ მისი დირექტორი, ბატონი გიორგი სეთურიძე.

ცვლილებების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი(რუსეთის ფედერაცია, 1117746188614, კომპანია მოსკოვში არის რეგისტრირებული  – თარიღი: 15.03.2011) ხდება იმ კომპანიის 100 პროცენტიანი დამფუძნებელი, რომლის დირექტორიც არის გიორგი სეთურიძე.

2016 წლის 1 მარტს (ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლად დანიშვნის დღეს) გიორგი სეთურიძე განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, რომ მოახდინოს მისი დირექტორობიდან გათავისუფლების რეგისტრაცია. გარკვეული ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, 2016 წლის 10 მარტს, სეთურიძე თავისუფლდება ამ კომპანიის დირექტორის მოვალეობიდან.

საინტერესოა, რომ დეკლარაცია ბატონ გიორგი სეთურიძეს პირველად არ შეუვსია. შევარდნაძის მთავრობაში სეთურიძე მაღალ პოსტს იკავებდა და 2002 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშვნის დროსაც.

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ და როგორ არ მოხვდა და რა მიზეზით დამალა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა.

მითუმეტეს, როდესაც ამ კომპანიის შექმნისა და საქმიანობის შემდგომი მიმართულებებიც, რომელიც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ხელშეწყობას გულისხმობდა,  ფრიად მისასალმებელი იყო.

ინტერვიუებში ბატონი გიორგი სეთურიძე პოზიციონირებდა, როგორც „როსპორტრებ ნადზორთან“ (რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს ორგანიზაცია) არსებულ საბჭოსთან დაახლოებული პირი.

2013 წლის 19 თებერვალს სეთურიძემ კომპანიის პრეზენტაცია ჩაატარა თბილისში (სპუტნიკ-ჯორჯიას მასალა: https://sputnik-georgia.ru/economy/20130218/215541014.html, ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან https://www.radiotavisupleba.ge/a/kartuli-gvino-rusul-bazarze/24906163.html ), ხოლო მოგვიანებით, აპრილის თვეში უკვე მოსკოვში (Россия 24 https://www.vesti.ru/videos/show/vid/488087/cid/6/ ).

რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხზე და რადიო თავისუფლების ეთერშიც ბატონი სეთურიძე დასაბუთებულ რეკლამას უწევს ქართულ ღვინოს, და ერთი შეხედვით, არავითარი არგუმენტი უნდა არსებობდეს, მისი მოღვაწეობის ამ ეტაპის მიჩქმალვისთვის.

ამის ასახსნელად, ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია და მიზეზების ვარიანტების განხილვა. თუმცა, ყველა შემთხვევის ანალიზს, ჩვენი აზრით, სავალალო შედეგამდე მივყავართ. განვიხილოთ ცალკ-ცალკე:

  1. დამალა. აქ მიზეზებზე და შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ. სხვა ორგანოების კომპეტენციაა.
  2. გამორჩა-დაავიწყდა. შესაძლო მიზეზი: გამორჩა გულმავიწყობით, უყურადღებობით, გადაღლილობით, სტრესის გამო დაშ.

წარმოიდგინეთ, რომ გამორჩეს რამე იმ მილიარდ ნახევრიანი ბიუჯეტის მართვის დროს, რომელსაც ის განაგებს.

  1. შეეშალა. შესაძლო მიზეზი: იფიქრა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ მილიარდ ლარიან ტენდერებში ან პროექტების ცვლილებისთვის საჭირო ექსპერტიზის მოთხოვნა შეეშალოს, ან ასეულმილიონიანი ტენდერების გამარჯვებულის გამოვლენისთვის საჭირო მახასიათებლები არასწორად გათვალოს, ან ქვის ხიმინჯების ნაცვლად ჭაობიან გრუნტებში ფითილები დამონტაჟოს.

საინტერესოა ისიც, რომ რუსული ფირმის დაფუძნებული კომპანიის დირექტორობის პარალელურად, ბატონი გიორგი სეთურიძე სახელმწიფო ორგანიზაციაშიც მუშაობდა. კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით, ის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩეველი.

და ბოლოს, გვსურს შევახსენოთ ბატონ გიორგი სეთურიძეს, რომ რუსული ფირმის მიერ დაფუძნებული კომპანიის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების  შემდეგ, კომპანია დირექტორის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც კომპანია  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის მიხედვით საწარმოს რეგისტრირებულმონაცემებსვერ აკმაყოფილებს და მარეგისტრირებელ ორგანოში საჭიროა ახალი დირექტორის დანიშვნისა თუ არჩევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდება.

 

დანართები. მასალაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან.

 

2010 წელს დაფუძნებული შპს აგროკონსალტინგგრუპი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 22 ნომბერი – შპს აგროკონსალტინგ გრუპი იცვლის სახელწოდებას და ხდება შპს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი

 

2013 წლის 7 თებერვალი – გიორგი სეთურიძის კომპანიის 100 პროცენტიანი მეპატრონე ხდება რუსული კომპანია


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიის რეკვიზიტები


 

 

2016 წლის 1 მარტი – გიორგი სეთურიძის განცხადება რუსული ფირმის მიერ დაფუძნებული კომპანიის დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებისშეჩერების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი სეთურიძის დეკლარაცია  – 2016 წლის 20 ივნისი

 

 

 

 

 

გიორგი სეთურიძის დეკლარაცია  – 2017 წლის 29 ივნისი

 

 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება  # B16037741/3 ( 10/03/2016 17:44:02)

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ