აფბა: მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

1.11.2018 | ნანახია 231-ჯერ



აფბა: მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმიანება მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომლის მიხედვითად ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 პოზიცია დაიკავა.

აფბა-ში მიაჩნიათ, რომ გავლენიან საერთაშორისო მოხსენებაში ქვეყნის დაწინაურება, უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგია, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა და მიმზიდველი გახადა ბიზნესის კეთება საქართველოში. მთავრობის მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებიდან ასოციაციაში ასახელებენ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს, მცირე მეწარმეებისათვის ბრუნვის მაჩვენებლების გაზრდას, ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებას მცირე მეწარმეებისთვის, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას და სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებს, რომლებიც მეწარმეებისათვის ფინანსებზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.  

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოცემულ ეტაპზე, უდიდესი მნიშნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტაბილურ შემოდინებას, რომლის მზარდი დინამიკის  შენარჩუნებისთვის, საქართველოს პოზიციონირება მსოფლიო ბანკის მოხსენებაში აუცილებელი წინაპირობაა, ვინაიდან, სწორედ მსგავსი დოკუმენტების და მასში მოყვანილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე ღებულობენ საერთაშორისო ინვესტორები თანხების დაბანდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს - აცხადებენ ასოციაციაში.

თუმცა მიუხედავად გაუმჯობესებული პოზიციისა, ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა გააცნობიეროს ის რისკები და გამოწვევები, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელია და განვითარების შემაფერხებელ ბარიერებად მიიჩნევა. პირველ რიგში ეს არის არაკვალიფიციური სამუშაო ძალა, რომელსაც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმირებასთან მივყავართ და ოლიგოპოლიური საფინანსო სექტორი, რაც კრედიტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს - განაცხადეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.