აფბა: საგადასახადო პრეფერენციების მხოლოდ ცალკეული სუბიექტებისთვის დაწესება, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის

11.06.2019 | ნანახია 205-ჯერ



აფბა: საგადასახადო პრეფერენციების მხოლოდ ცალკეული სუბიექტებისთვის დაწესება, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის

  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმიანება ე.წ. „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმების გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ტიპის საგადასახადო შეღავათი უნდა ითვალისწინებდეს თანაბარი მიდგომის პრინციპს ყველა კატეგორიის ბიზნესისთვის.

  „ოქროს სიაში“ შემავალი იმპორტიორი კომპანიებისთვის დაწესებული პრეფერენციული რეჟიმით, რაც იმპორტის გადასახადის 30 დღემდე გახანგრძლივებას გულისხმობდა, არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში რჩებოდა სხვა, ათიათასობით კომპანია, რომლებიც ასევე, იხდიან იმპორტის გადასახადს. თუ სახელმწიფოს სურს, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება, მაშინ ის არ უნდა არჩევდეს კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს და მათთვის არ უნდა აწესებდეს განსაკუთრებულ პრეფერენციებს, მით უმეტეს, როცა საუბარია იმპორტიორ კომპანიებზე და არა ადგილობრივ მეწარმეებზე, რომლებიც დამატებით ღირებულებას ქმნიან და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელსაც ზრდიან. სახელმწიფო უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების გამტარებელი უკლებლივ ყველასთვის.

  ასევე, მიგვაჩნია, რომ არგუმენტებს მოკლებულია ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, უნდა გაფართოვდეს „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიების რაოდენობა და ყველას მიეცეს იმპორტის გადახდის შეღავათიანი პირობებით გადახდის საშუალება. ცხადია, ფისკალური რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელმწიფოში ყველა კომპანიამ ისარგებლოს იმპორტის გადასახდელების გადახდის შეღავათიანი პერიოდით. მნიშვნელოვანია, მომავალშიც ხელისუფლებამ ბიზნესს შესთავაზოს სულ უფრო მეტად გამარტივებული პროცედურები, ეფექტური და მოქნილი ადმინისტრირება და ისეთი საგადასახადო ინიციატივები, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს ფორმირებასა და ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.