აფბა პარლამენტს მოუწოდებს არ დაამტკიცოს კანონპროექტი მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის შესახებ

19.05.2020 | ნანახია 268-ჯერ



აფბა პარლამენტს მოუწოდებს არ დაამტკიცოს კანონპროექტი მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის შესახებ

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბამ შეისწავლა ის რისკები, რაც არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადატანასთან დაკავშირებით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება არაფრის მომცემ მექანიკურ შერწყმასთან ერთად, აჩენს დამატებით რისკებს. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის ფულის გათეთრების რისკები, რაც იმავდროულად ევროასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

2019 წლის 13 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა კანონებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადატანას. https://info.parliament.ge/#law-drafting/19106. აღნიშნული ინიციატივა უკვე სასესიო დღის წესრიგშია. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად დარგებრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნისა, კანონმდებლების მხრიდან ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის იდეა ბოლომდე გააზრებული არ არის.

საქმე ის არის, რომ ამ ინიციატივის მთავარ არგუმენტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ერთი შეხედვით, მსგავსი ფუნქციები წარმოადგენს.

თუმცა, ამ თითქოსდა მსგავსების მიუხედავად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია უწყებების მიზნები. კერძოდ, თუ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანი, – სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზება, – ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს უწყებრივი პოლიტიკის ნაწილია, მომსახურების სააგენტოს მიზნები – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება და მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვა, – სახელმწიფოს საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ნაწილია.

რაც შეეხება მეთოდოლოგიასა და ბიზნეს-პროცესს, აქ გარეგნულად საერთო სახე აქვს მხოლოდ განკარგვის და პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას – ელექტრონულ აუქციონს, რომელიც ტექნიკურად და პროგრამულად ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ორი უწყების – სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერაა უზრუველყოფილი და არსებობს საფრთხე, რომ ამ უზრუნველყოფის გამოცლის შემდეგ ბიზნეს-პროცესი გართულდება და სადღეისოდ არსებული საკმაოდ დახვეწილი და თანამედროვე სერვისი სახეს დაკარგავს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზებას (მხოლოდ მიწა და მასზე დამაგრებული ქონება), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნებისმიერი სახის, – ნემსიდან დაწყებული თვითმფრინავითა და მცურავი საშუალებით დამთავრებული) არსებული მოძრავი ქონების (მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ საპრივატიზაციოდ გადმოცემული მოძრავი ქონება, – ავტომანქანები, საოფისე და კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი, საბაჟო, საგადასახადო და სხვა კანონომდებლობის დარღვევით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნებისმიერი სახის მოძრავი ქონება) პრივატიზება და განკარგვაა, განადგურების ჩათვლით.

ფაქტია, უძრავი ქონების პრივატიზების მიმართ საზოგადოებაში არსებობს მაღალი დონის პოლიტიკური კონსენსუსი, რომელსაც ყველა პოლიტიკური ძალა იზიარებს და რომელიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში: სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა მოახდინოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოება, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. შესაბამისად, ამ მიდგომიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთი მხრივ, მოხდება სახელმწიფო უძრავი ქონების ამოწურვა ან მინიმუმამდე დაყვანა (აღმოსავლეთ ევროპის და სხვა გარდამავალი ქვეყნების მაგალითი), რაც თავის მხრივ მინიმუმამდე დაიყვანს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დღეს არსებულ ფუნქციებს, მით უმეტეს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, საპარტნიორო ფონდის მართვის ქვეშაა.

მეორე მხრივ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციების ეტაპობრივად დანერგვის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ევროდირექტივების დანერგვის, საბაჟო ადმინისტრირებისა და საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანობის ზრდის კვალობაზე, სულ უფრო მზარდი და დინამიური იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განსაკარგავი მოძრავი ქონების მოცულობა. ანუ დინამიკაში მოსალოდნელია მომსახურების სააგენტოს დღევანდელი სახის საქმიანობის კიდევ უფრო ზრდა და გამსხვილება, ხოლო ქონების სააგენტოს საქმიანობის – შემცირება. შესაბამისად როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრულიად გაუგებარია ამ საგენტოების გაერთიანების მოტივაცია და თუ მაინც ერთიანდება, მაშინ ქონების სააგენტო უნდა შეერწყას ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და არა პირიქით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე, რომ მიქცეული ძვირფასი ქვებისა და ლითონების და მათი ნაკეთობების განკარგვიდან მიღებული შემოსავლები მომსახურების სააგენტოს კუთხით მიღებულ მთლიან შემოსავლებში არა მხოლოდ უდიდეს წილს შეადგენს, აგრეთვე ეს სასაქონლო კატეგორია წარმოადგენს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ინტერესს, რომლის ეფექტიანი ზედამხედველობა პერსპექტივაში, როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო გამოცდილებითა და მათივე რეკომენდაციებით, სწორედ ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში უნდა იყოს.

აფბასთვის გაუგებარია გაერთიანების მიზანი, როცა საკანონმდებლო პაკეტით ამ ორ უწყებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ასიგნებების შემცირება არ ხდება (ხდება დაჯამება), ანუ ფაქტიურად გათვალისწინებულია მექანიკური გაერთიანება. ე. ი. რაციონალური ლოგიკით გაერთიანების მთავარ არგუმენტს მომავალში ქონების მართვის ეფექტიანობის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. არადა, პირიქით ხომ არ მოხდება?

აფბასთვის კითხვის ნიშნებს წარმოშობს ასევე შემდეგი გარემოებები.  აქვთ თუ არა კანონმდებლებს გამორკვეული ინერციით ხომ არ მოდის ინიციატივა და ხომ არ ითვალისწინებს იგი კონიუნქტურული პირების სუბიექტურ ინტერესებს და ხომ არ წარმოადგენს ქონების სააგენტოსათვის ახალი ფუნქციის შეძენის ვიწრო უწყებრივი ინტერესის გამოვლენას? ხომ არ მოგვიწევს შემდგომში ამ გაერთიანების შეცდომად მიჩნევა და კვლავ უკუნაბიჯის გადადგმა?

ფაქტია ისიც, რომ აღნიშნული უწყებების სხვადასხვა ფორმით გაერთიანების იდეა, ბოლო წლების მანძილზე, რამდენჯერმე იდგა დღის წესრიგში, თუმცა საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ, მათ შორის, ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ამ ინიციატივას მსვლელობა აღარ მიცემია.

ზემოაღნიშნული არგუმენტებისა თუ გარემოებების მიუხედავად, მაინც შეიძლებოდა გაერთიანების ამ ინიციატივას  დარქმეოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ევროპასთან ასოცირების ვალდებულებების კუთხით მეტად საყურადღებო მიმართულებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ეროვნული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და მეთოდოლოგია, FATF-ისა და MONEYVALL -ის რეკომენდაციების სახით, განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ძვირფასი ქვებისა და ლითონების და მათი ნაკეთობების ბაზრების რეგულირების საკითხებს ეროვნულ დონეზე.

2000-იანი წლებიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ეს მიმართულება დარეგულირდება საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად, რაც თავის მხრივ ასახულია კიდეც კანონმდებლობაში, კერძოდ, ჯერ კიდევ  2003 წლიდან 2019 წლამდე მოქმედ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და აწ უკვე 2019 წლის 30 ოქტომბერს მიღებულ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებკანონის რედაქციაში.

შესაბამისად, ძვირფასი ქვებისა და ლითონების და მათი ნაკეთობების ბაზრების ეფექტიან რეგულირებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განსაზღვრულია ფინანსთა სამინისტრო იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ორგანოთა შორის სწორედ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოა ამ სასაქონლო კატეგორიის ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილე, ხოლო 2014-16 წლებში ის აქტიურად იყო ჩართული ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში, რა დროსაც განახორციელა ბაზრისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა.

იმ ფონზე, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ დეკლარაციული ვალდებულებაა შესრულებული კანონმდებლობის კუთხით და ჯერ-ჯერობით არ არსებობს წინ გადადგმული ნაბიჯი MONEYVALL-ის რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის დანერგვის მიმართულებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის ზაფხულ-შემოდგომამდე მიმდინარეობს MONEYVALL-ის შეფასების დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ 2019 წელს საქართველოში განხორციელებული საშემფასებლო მისიის ფარგლებში, აფბა თვლის, რომ კანონმდებლებმა არ უნდა იჩქარონ და წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ექსპერტიზა უნდა განახორციელონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ჭრილში, როგორც ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების, ასევე ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით, რათა არ მოხდეს საშემფასებლო მისიის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება ნეგატიური მიმართულებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროგრესის თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს  გადაავადოს სააგენტოების მექანიკური შერწყმის შესახებ კანონპროექტის განხილვა, მინიმუმ იმ დრომდე, სანამ MONEYVALL-ის შეფასების დოკუმენტის საბოლოო რედაქცია არ იქნება მიღებული ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ. ამით  თავიდან ავირიდებთ მოსალოდნელ გართულებებსა და რისკებს.

აფბა აცხადებს, რომ მზად არის, საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიებისა და მსჯელობების (რაც, დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის სხდომაზე საკითხის ფორმალურ განხილვას თუ არ ჩავთვლით, არც შემდგარა) ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.