აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

22.06.2020 | ნანახია 155-ჯერ



აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება ”კავკასუს ონლაინისა” და მისი შვილობილი კომპანიის – ”რკინიგზის ტელეკომისთვის” სანქციების დაწესების თაობაზე.

დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლარით – ”კავკასუს ონლაინისთვის”, ხოლო ”რკინიგზის ტელეკომის” შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ,  28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს 25 ივნისს.

კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის  ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ”კავკასუს ონლაინისთვის” და ”რკინიგზის ტელეკომისათვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ გამოქვეყნებული დასკვნის დამადასტურებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.

კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას. 

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ ”კავკასუს ონლაინს” შეუჩერდება ავტტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.

გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომისიის გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო. 

იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგ. როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება.

შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ამავდროულად, გაურკვვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე.