„აფბა“: აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს

26.08.2014 | ნანახია 2064-ჯერ



„აფბა“: აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს

მთავრობის ინიციატივა აგრო დაზღვევის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით დახვეწას საჭიროებს 

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა\" მთავრობის მორიგ ინიციატივას, რომელიც აგრო დაზღვევის სისტემის შემოღებას გულისხმობს, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისუპრეცედენტო მოვლენად აფასებს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა სამშაბათს, 26 აგვისტოს „პირველის პრეს-კლუბში\" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

 

მათი განცხადებით ხშირია შემთხვევები, როცა ტელეეკრანებზე ვხედავთ გლეხებსა თუ ფერმერებს, რომელთაც სტიქიამ სარჩო–საბადებელი გაუნადგურა, ვენახი, ბოსტნეული, ხილი, ციტრუსი თუ ნათესები. ისინი მთავრობას სთხოვენ ხოლმე ზარალის ანაზღაურებას, რაც იმ ფონზე, რომ ბიუჯეტის შესაძლებლობები შეზღუდულია ყოველთვის როდი ხერხდება, სწორედ აქედან გამომდინარეობს აგრარული სფეროს დაზღვევის აუცილებლობა.

 

ამ ეტაპზე ჯერჯერობით საუბარია მთავრობის მიერ პროცენტის სუბსიდირებაზე აგრარული დაზღვევის შემთხვევაში, რაც განხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. როცა ხელშეკრულება გაფორმდება, ფერმერი ერთჯერადად გადაიხდის დაზღვევის 1 წლიანი პაკეტის ღირებულების 5-30%–ს. ამ პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას სახელმწიფო აანაზრაურებს მაქსიმუმ 30,000 ლარს ფიზიკურ პირის შემთხვევაში, ხოლო 50,000 ლარს კოოპერატივის შემთხვევაში. პროგრამის თანახმად, დაზღვევას ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის).

 

როგორც „აფბა\"-ს ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განაცხადა, საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომ აღნიშნული პროექი, რომელიც პირველ წელს საპილოტე რეჟიმში განხორციელდება იყოს ეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. -  „უმთავრესია, რომ ეს პროექტი არ მოიცავდეს მხოლოდ ერთ წელიწადს, აუცილებელია მისი გაგრძელება. მოგეხსენებათ, რომ აგრო რისკების დაზღვევა დაზღვევის ერთ–ერთი რთული სახეობაა და მოითხოვს აგრონომიური სფეროს განსაკუთრებით ღრმა ცოდნას, ბუნებრივია ამ ფონზე სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ მსგავსი მაღალ რისკიანი პროდუქტის ბაზარზე გამოტანისგან, ვინაიდან ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაზღვევის საკმაოდ ძვირიანი პროდუქტი შეიძინოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და დახმარება სუბსიდიის სახით, რომ ერთის მხრივ სადაზღვევო კომპანიები იყვნენ დაინტერესებულნი ამ პროდუქტის დივერსიფიცირებით, რაც კონკურენციის განვითარებას და ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს და მოერეს მხრივ ფერმერს ქონდეს შესაძლებლობა, დააზღვიოს მოსავალი, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია\"- აცხადებს შოთა გულბანი.


მისივე თქმით არანაკლებ საყურადღებოა კომუნიკაციის დაბალი დონე ფერმერებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. „ინფორმაციის ნაკლებობა, რაც საბოლოო ჯამში უამრავ გაუგებრობებს იწვევს. აუცილებელია რეგიონებში შეიქმნას გარკვეული საინფორმაციო ცენტრები, სადაც მოხდება გლეხებისა თუ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება, თუ სად უნდა მივიდნენ, როგორ მოიქცნენ, როგორ მიიღონ ინფორმაცია სწრაფად მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფილად განხორციელება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფერმერის შრომის ნაყოფიერება და მოტივაცია იმისა, რომ გაცილებით მეტი მოსავალი მიიღოს, სწორედ მისი მოსავლის დაზღვევაში მდგომარეობს. თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ მთავრობის აქტიური სუბსიდირებით ხორციელდება აგრო დაზღვევა წარმატებით\"- დასძენს გულბანი.

 

     ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა უცხოურ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება: „მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, აგროსადაზღვევო პრემიების პორტფელის მოცულობით მსოფლიოში ლიდერიქვეყანაა. წარმოდგენილი სტატისტიკით აგროდაზღვევაში აშშ  11  650 მლნ აშშ დოლარის პრემიას გასცემს. მეორე ადგილზეა იაპონია 3  900 მლნ  აშშ დოალრით, მესამეზე კი ესპანეთი- 920 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ ბრაზილია- 640 მლნ აშშ დოლარით, მექსიკა -500 მლნ აშშ დოლარით, არგენტინა -280 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი- 245 მლნ აშშ დოლარით.   ხოლო ჩვენს ქვეყანაში საწყის ეტაპზე სახელმწიფო ამ პროგრამის სტიმულირებისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს, რაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ საფუძველს ჩაუყრის აგრო დაზღვევის განვითარებას\", - აცხადებს ბაირახტარი.


         მისივე თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ პარალელურ რეჟიმში დაიწყოს მუშაობა ერთიანი მიდგომის სახელმწიფო დაზღვევის კანონპროექტის შემუშავებაზე, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევა და სახელმწიფოს მხრიდან მათი სუბსიდირება, რაც გამოიხატება სადაზღვევო პროცენტის მნიშვნელოვანი ნაწილის თანადაფინანსებაში.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ პროგრამას, რაც რეალურად არის მიმართული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამოსავალი წერტილია ქვეყნის ეკონომიკის პროგრესში, ხოლო თუ აგრო დაზღვევის კომპონენტი არ იქნა სტიმულირებული,  ჩვენ ისევ მივიღებთ უამრავ დაზარალებულ ფერმერსა თუ გლეხს, რომელთაც მთელი წლის ნაშრომი გაუნადგურდათ იმის გამო, რომ მთავრობის მანქანა მუშაობს არასწორად\" - განაცხადა შოთა გულბანმა.


„აფბა\" გამოთქვამს მზადყოფნას, მსგავს მასტიმულირებელ პროექტებზე ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს მთავრობასთან.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–„აფბა\"