პროფკავშირები - აფბა: დისკუსიამდე უნდა გაირკვეს, ვინ არის კორუმპირებული

6.08.2011 | ნანახია 725-ჯერ



პროფკავშირები - აფბა: დისკუსიამდე უნდა გაირკვეს, ვინ არის კორუმპირებულიაფბა უარყოფს მის უკან რომელიმე სახელისუფლო ჯგუფის ან პოლიტიკური ძალის არსებობას, რასაც კორუმპირებულობაში დადანაშაულებად მიიჩნევს და იმის გასარკვევად, თუ ვინ არის რეალურად კორუმპირებული, დისკუსიის დაწყებამდე, 16 საათამდე, ორშაბათს, დილით, 8 აგვისტოს, სთავაზობს ბატონ პეტრიაშვილს, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერონ ”გაერთიანებული პროფკავშირისა” და აფბას ხელმძღვანელების სახლები, ბინები, აგარაკები და მანქანები. 
 
 
 
ვიდრე აფბას ბრიფინგის თაობაზე მოგითხრობდეთ, გამცნობთ, რომ \"გაერთიანებულმა პროფკავშირებმა” აფბას ბრიფინგს საგანგებო განცხადებით უპასუხა. ამ განცხადებას აფბას საპასუხო განცხადება მოჰყვა, სადაც აფბას პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა გამოწვევა მიიღეს, მათ მიერვე პროფკავშირის ლიდერებისთვის შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაზე თანხმობის გამო კმაყოფილება გამოხატეს, მაგრამ დააფიქსირეს, რომ მათ უკან სახელისუფლო ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის არსებობაში დადანაშაულება ფაქტობრივად კორუფციაში დადანაშაულებაა, რომ ეს მიუღებელია მათთვის და პასუხად წამოაყენეს შემხვედრი წინადადება: რამდენადაც მათ ეჭვი ეპარებათ, რომ პროფკავშირების ლიდერები არაშრომითი და უკანონო შემოსავლებით ცხოვრობენ, ამის გადასამოწმებლად, ჟურნალისტებთან ერთად, აფბას ხელმძღვანელები მზად არიან თავიანთი სახლ-კარი და ქონება წარუდგინონ საზოგადოებაას, ისე როგორც ამას მოითხოვენ \"გაერთიანებული პროფკავშირების” ხელმძღვანელებისგან.
რა მოხდა მანამდე?
5 აგვისტოს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ სასტუმრო \"ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა იყო, რამდენად ეფექტიანად იცავს საქართველოში პროფკავშირები დასაქმებულთა ინტერესებს.
ბრიფინგი, ფაქტობრივად, მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა. დარბაზში მსხდომი საზოგადოების ნაწილი წარმოადგენდა გაერთიანებულ პროფკავშირებს, კერძოდ, მის განათლების მუშაკთა, მედიცინის მუშაკთა და ტრანსპორტის მუშაკთა მიმართულების პროფესიულ კავშირებს. ჩანს, გაერთიანებული პროფკავშირების მესვეურებმა, ანონსის მეშვეობით, შეიტყვეს, რომ ახალგაზრდა ფინანსისტები ამ სფეროებში დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე აპირებდნენ ყურადღების გამახვილებას, ამიტომ, თავიანთი თანამშრომლები წარგზავნეს შეხვედრაზე საკუთარი პოზიციების დასაცავად. ისინი ამის გაკეთებას უაღრესად ენერგიულად ცდილობდნენ, რამაც ახალგაზრდა ფინანსისტებსა და პროფკავშირულ ბოსებს შორის მძაფრი პოლემიკა გამოიწვია. ამას კი ბრიფინგის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა. საბოლოოდ ბრიფინგი შედგა. ახალგაზრდა ფინანსისტებმა ჯერ მოუწოდეს სტუმრებს, მიეცათ მათთვის საშუალება დაეფიქსირებინათ აფბას პოზიცია, თავად კი ბრიფინგი სხვა დროს მოეწყოთ. საბოლოოდ, აფბელებმა გადაწყვიტეს ბრიფინგი დისკუსიის ფორმით ჩაეტარებინათ, რითაც თავიანთ ტოლერანტობას გაუსვეს ხაზი.
\"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა სწავლობს საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს. ამ თვალთახედვით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინსტიტუციის ფუნქციონირება, როგორიცაა პროფკავშირი. განვითარებული და საბაზრო ეკონომიკის მშენებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის აუცილებელია ტრიპარტიზმის პრინციპების განუხრელი და ეფექტიანი განხორციელება, მისი სამივე მდგენელის - მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფკავშირის მიერ თავიანთი როლის წარმატებულად შესრულება. პროფკავშირები, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს, უნდა გაუქმდეს”, - აღნიშნა აფბას პრეზიდენტმა, მერაბ ჯანიაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ \"სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული ორგანიზაციები ვერასგზით გათავისუფლდნენ საბჭოთა მემკვიდრეობისა და მენტალიტეტისგან. დღეს ჩვენთან არსებული პროფესიული კავშირები, რომელთაგან უმსხვილესია \"გაერთიანებული პროფკავშირები”, ვერ იცავენ თავიანთი წევრების - დასაქმებულების ინტერესებს. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პროფკავშირები ძირითადად დაკავებული იყო საბჭოთა პროფკავშირების ქონებრივი მემკვიდრეობის სარფიანი გასხვისებით. არსებითად, გაერთიანებულ პროფკავშირებში ახალი, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. დღეს ჩვენ საზოგადოების წინაშე არარეფორმირებული პროფკავშირების ერთ, სერიოზულ ნაკლზე ვამახვილებთ ყურადღებას - ის ვერ იცავს კონკრეტული დასაქმებული ადამიანების ინტერესებს, უძლური და უსუსურია, როცა დასაქმებულებთან მიმართებაში ადგილი აქვს სახელმწიფო მანქანის მხრიდან გამოჩენილ ძალმომრეობას და დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა უფლებების უხეშ და ცინიკურ იგნორირებას. წლების განმავლობაში გრძელდება მასწავლებლების, ექიმების, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერების გამოყრა კერძო სტრუქტურებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საავადმყოფოებიდან, სკოლებიდან, იხურება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მეცნიერები უმუშევართა რიგებში ინაცვლებენ. პროფკავშირები კი ამჟღავნებენ დანაშაულებრივ უმოქმედობას და უსულგულო დამოკიდებულებას ადამიანების სამარათლიანი მოთხოვნებისადმი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში არაორაზროვნად იქნა დაფიქსირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების თვალსაზრისი ქვეყანაში პროფესიული კავშირების მიერ თავიანთი ფუნქციების ღირსეულად შესრულების აუცილებლობის შესახებ, დროა საზოგადოებამ ამ მხრივ არსებულ ვითარებას ადეკვატური შეფასება მისცეს”, - ამბობს ჯანიაშვილი.
საქართველოს პარლამენტი, როგორც ამ მოწვევის, ისე წინა მოწვევების, დაუინტერესებლობას ამჟღავნებს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მიმართ. აფბა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამოვიდეს ინიციატივით, პროფესიული კავშირების სისტემის რეფორმირების მიზნით. პარლამენტი არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს პროფესიული კავშირების სისტემის რეფორმირება, მაგრამ ხალხის რჩეულებმა ახალი, ძლიერი იმპულსები უნდა მიანიჭოს ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის უკეთესობისკენ ფერისცვალებას. ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მათი აზრით, რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნის შესასრულებლად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების გზაზე. დროა შესწორებულ იქნას შრომის ის კოდექსი, რომელიც დაქირავებულს ფაქტობრივად მონის, აბსოლუტურად უუფლებო ადამიანის მდგომარეობაში აყენებს. აფბა გამოდის დისკუსიის დაწყების ინიციატივით. 
მედიასაშუალებებით პროფკავშირების პრობლემასთან დაკავშირებული ჩვენი ბრიფინგის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას ოპერატიულად, ერთ საათში გამოეხმაურა \"გაერთიანებული პროფკავშირების” თავმჯდომარე ბ-ნი პეტრიაშვილი. მისი პოზიცია უსაფუძვლოდ და ისტერიულად შეაფასა აფბას პრეზიდენტმა. \"ჩვენს უკან”, - აღნიშნა ჯანიაშვილმა - \"ბატონი პეტრიაშვილი სახელისუფლო დაჯგუფებებს, აგრეთვე, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებს ხედავს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პიროვნებასთან დაუსწრებელი დისკუსიის წარმოებას, ჩვენ ვიწვევთ მას და გაერთიანებული პროფკავშირების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. მანამდე კი ჩვენს მოთხოვნას, რომ ის პროფკავშირი, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, უნდა დაიშალოს, დავამატებთ ერთ მოთხოვნას, რომ თუ ბატონი პეტრიაშვილი საჯარო დისკუსიაში ვერ დაასაბუთებს, რომ რაიმე უკეთესობისკენ წავიდა მის მიერ \"გაერთიანებული პროფკავშირების” თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის პერიოდში, ის უნდა გადადგეს”, - კატეგორიულია აფბას პრეზიდენტი. \"გაუთავებელი დემაგოგიური საუბრით საზოგადოებას თვალს ვერ აუხვევ. რაც ფაქტია, ფაქტია - პროფკავშირული მოძრაობა დღეს საქართველოში თავის როლს ვერ ასრულებს, ის ვერ იცავს დასაქმებულთა ინტერესებს”, - მიაჩნია ჯანიაშვილს.
აფბა მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული გაერთიანებები ჩრდილს აყენებენ ზოგადად პროფკავშრების იდეას და არ ჰგვანან ცივილიზებულ სახელმწიფოებში არსებულ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს, როგორც გავლენით, ისე ქმედითუნარიანობით. მთავარი და უმსხვილესი პროფორგანიზაცია - საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახდენს არა დასაქმებულთა ინტერესების დაცვას, რაც მათი პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს, არამედ მათი უფლებების დაცვის იდეის დისკრედიტაციას.
\"აფბას” მიაჩნია, რომ პროფესიულმა გაერთიანებემა, ვერ შეძლეს დაეცვათ მასწავლებლების (დღეს, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში 42 მასწავლებლის გათავისუფლება, 4 სკოლას კი ლიკვიდაცია ემუქრება), სამარშრუტო ტაქსის მძღოლების (ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა მარშრუტკების ბიზნესის ფაქტობრივ მონოპოლისტთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც მძღოლები კაბალურ პირობებში ჩააყენა კომპანიასთან ურთიერთობაში), ექიმების (მე-8 საავადმყოფოს და მისი 600 თანამშრომლის, დღეიდან უმუშევრების, პრობლემა ამის ნათელი მაგალითია) ინტერესები. ყველაფერთან ერთად, საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ვერ მიაღწია იმას, რომ ”საქართველოს შრომის კოდექსი” ევროპულ სტანდარტებთან დაახლობულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. აფბა თვლის, რომ ასეთი პროფესიული გაერთიანებები უნდა გაუქმდეს და მათ ადგილას შეიქმნას ნამდვილი, ქმედუნარიანი პროფკავშირები. 
ახალგაზრდა ფინანსისტები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს უარი თქვან არსებული პროფკავშირების საწევროების გადახდაზე, მათ მხარდაჭერაზე და შექმნან ახალი, თავიანთი ინტერესების რეალურად დამცველი პროფესიული გაერთიანებები. მათი აზრით, პროფესიული კავშირების სისტემის რეფორმა მომწიფდა.