\"აფბა\" ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს გარემოს მონიტორინგს იწყებს
თუმცა, გარკვეული სკეპსისის საფუძველს აჩენს ბიზნესთან, ბიზნესმენებთან და მესაკუთრეებთან მიმართებაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება და ჩიხში შესვლა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ცალკეული ფაქტები, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესების შევიწროების შთაბეჭდილებას და შერჩევითი სამართლის განცდას ტოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ფაქტებს არ მიუღია ფართო მასშტაბი, მაგრამ ცალკეული შემთხვევებიც, ვფიქრობთ საგანგაშოა, რადგან ყველაფერი პირველი ფაქტებით იწყება და თუ საზოგადოებამ და მთავრობამ შესაბამისი რეაქცია დროულად არ გამოამჟღავნა, შესაძლოა ყველაფერი ისევ ძველ წრეზე დაბრუნდეს.
ამიტომ ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" იწყებს ამ მიმართულებით დაფიქსირებული ფაქტების მონიტორინგს და მოუწოდებს კოლეგებს პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ძალისხმევის გაერთიანებისკენ.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მონიტორინგისა და შესაბამისი სამუშაოს ჩატარების შემდეგ გავცემთ პასუხს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმულ საკითხს, არის თუ არა საქართველოში ბიზნესებისა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტები. ვფიქრობთ, საზოგადოებას ამ საკითხზე არგუმენტირებულ პასუხს მივაწვდით. დღეს კი შეგვიძლია დაბიჯითებით ვთქვათ, რომ კითხვები ჩნდება შპალების ქარხანასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ჩოჩელის სამართლებრივი დევნის გამო. ასევე, კითხვებს აჩენს ლუდსახარშ ,,ზედაზენისა\" და კომპანია ,,ბარამბოს\" გარშემო შექმნილი მდგომარეობა. გაუგებარია რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე და რატომ ვერ მოხერხდა დიალოგის რეჟიმში იმ სადავო საკითხების გადაჭრა, რომელიც მცირე და საშუალო გადამზიდველებსა და სახელწიფოს შორის წარმოიშვა. ასევე გაუგებარია რატომ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი, რომელიც მთავრობის წინაშე საჯაროდ სვამს კონკრეტულ საკითხებს და ფაქტობრივად სასოწარკვეთილი დღემდე ცდილობს მიაღწიოს პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას. პრობლემატური გახდა ბიზნესმენების თამაზ ელიზბარაშვილის და დავით ბეგიაშვილის სახელმწიფოს მიმართ არსებულ პრეტენზიებზე არგუმენტირებული პასუხების მიღება. დღემდე გაურკვეველია თუ საბოლოოდ რა მიდგომას ჩამოაყალიბებს მთავრობა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიმართ, რომელთაც პრეტენზიები აქვთ უსაფუძვლოდ თავსმოხვეული მარკირების საკითხის დღემდე გადაუჭრელობის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები, ვფიქრობთ საკმარისია საიმისოდ, რომ არასამთავრობო სექტორი მათი საფუძვლიანობით აქტიურად დაინტერესდეს.
„აფბა\" საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს.